საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს.
გამოკითხვებისა და ექსპერტების შეფასების საფუძველზე უნდა ვივარაუდოთ, რომ ემანუელ მაკრონის საპრეზიდენტო კოალიციის მთავარი კონკურენტი მემარცხენე ბლოკი La Nupes იქნება, რომლის ლიდერიც საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ადგილზე გასული ჟან-ლუკ მელანშონია.
უკანასკნელი საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ემანუელ მაკრონის ცენტრისტულ პოლიტიკურ კოალიციას Ensemble და ჟან-ლუკ მელანშონის ლიდერობით გაერთიანებულ მემარცხენე პარტიების კოალიცია NUPES-ს თანაბარი, 26%-იანი მხარდაჭერა ჰქონდათ.
მათ შემდეგ არის მარინ ლე პენის "ეროვნული გაერთიანება" - 20%, მემარჯვენე ცენტრისტული რესპუბლიკური პარტია - 10% და ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკოსის, ერიკ ზემურის პარტია - 6%.
საყურადღებოა, რომ საფრანგეთში არსებული სისტემიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არა პოლიტიკური ძალის ზოგადი მხარდაჭერა, არამედ, რამდენად შეძლებს მისი კანდიდატი კონკრეტულ ოლქებში ორივე ტურის მოგებას.
საარჩევნო უბნებში ხმის მიცემა საღამოს 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი, ხოლო არჩევნების დასრულების შემდეგ, ეგზიტპოლის პირველადი შედეგები მალე გახდება ცნობილი.
აქვე ხაზგასასმელია, რომ უცხოეთში მცხოვრებმა ფრანგებმა, ხმა რამდენიმე დღით ადრე მისცეს და დაფიქსირებული შედეგის თანახმად, თითქმის ყველგან, ემანუელ მაკრონის კანდიდატმა გაიმარჯვა, გამონაკლისი ორი შემთხვევაა (11-დან).
შინგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვყენებული ოფიციალური მონაცემის თანახმად, აქტივობამ, 12:00 საათის მდგომარეობით -18,43% შეადგინა, რაც ხუთი წლის წინანდელ მონაცემთან შედარებით, თითქმის 1%-ით ნაკლებია.
2002 წლის შემდეგ, ამომრჩეველთა აქტივობა მუდმივ კლებას განიცდის. 12 საათის მდგომარეობით, მონაწილეთა ისტორია ასე გამოიყურება: 2007 წელი - 22,56%; 2012 წელი -21,06%; 2017 წელი - 19,24%; 2022 წელი - 18,43%.
ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, დაბალი აქტივობით ემანუელ მაკრონის პოლიტიკური გაერთიანება ისარგებლებს, რადგან მისი ელექტორატი უფრო ასაკოვანი და შეძლებული მოსახლეობაა, ყველაზე მეტად კი მემარცხენეთა გაერთიანება დაზარალდება, რომელსაც განსაკუთრებით დიდი მხარდაჭერა ახალგაზრდებში აქვს.