სამხედრო კავშირის აღდგენა, კლიმატი და ფენტანილი - სის და ბაიდენის შეხვედრის შედეგები
სან-ფრანცისკოში ჯო ბაიდენისა და სი ძინფინგის მეორე შეხვედრა დასრულდა - მოლაპარაკებები 4 საათს გაგრძელდება.
მხარეები შეთანხმდნენ სამხედროებს შორის კავშირის აღდგენაზე, ჩინეთიდან ფენტანილის წარმოებისთვის საჭირო ქიმიკატების ექსპორტის შეზღუდვასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლებაზე.
პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენი ჩინელ კოლეგას პირველად გასული წლის შემოდგომაზე ინდოეთში გამართულ დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდა. ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, სისთან გამართულ მოლაპარაკებები "ერთ-ერთი ყველაზე კონსტრუქტიული და პროდუქტიული იყო."
ბაიდენმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი უწოდა სამხედროებს შორის კავშირის აღდგენის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ამგვარი კავშირის არქონა მაღალ რისკებს ატარებს.
შეხვედრის დასაწყისში სი ძინფინგმა განაცხადა - "ჩვენი პლანეტა საკმარისად დიდია ჩვენი 2 ქვეყნის წარმატებისთვის, ერთის წარმატება წარმოადგენს შესაძლებლობას მეორესთვის."
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ აშშ-სთან ურთიერთობები 5 ძირითად ბოძს უნდა ემყარებოდეს - ურთიერთპატივისცემა, თანამშრომლობა კლიმატის საკითხებში, თანამშრომლობა ხელოვნური ინტელექტის საკითხებში, ერთობლივი პასუხისმგებლობის აღება გლობალურ პრობლემებზე და ხალხთა შორის კავშირების გაძლიერება.
სი ძინფინგმა ასევე მოუწოდა ვაშინგტონს არ დაუჭიროს მხარი ტაივანის დამოუკიდებლობას და შეწყვიტოს თვითმმართველი კუნძულისთვის შეიარაღების გადაცემა. სის თქმით, აშშ-ს მიერ დაწესებული ტექნოლოგიური შეზღუდვები "სერიოზულად აზიანებს ჩინეთის ლეგიტიმურ ინტერესებს."
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთი შეზღუდავს იმ ქიმიური ნივთიერებების ექსპორტს, რომელსაც მექსიკაში ფენტანილის წარმოებისთვის იყენებენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა ზომებს მიიღებს ჩინეთი, მაგრამ შეთანხმება შესაძლოა ბაიდენის გუნდისთვის მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური გამარჯვება იყოს.
ჩინეთი და აშშ ასევე შეთანხმდნენ ადამიანური ჩარევით გამოწვეული კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლებაზე. "ერთობლივად ვიმუშავებთ გეგმაზე, რომელიც 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის მოცულობის სამჯერ გაზრდას ითვალისწინებს',- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
კონტექსტი
ვაშინგტონი გასული თვეების განმავლობაში აქტიურად ცდილობდა ჯო ბაიდენისა და სი ძინფინგის პირისპირ შეხვედრის ორგანიზებას. ამ ძალისხმევის ფარგლებში ივნისიდან მოყოლებული ჩინეთში ჯო ბაიდენის კაბინეტის 3 მინისტრი იმყოფებოდა, მათ შორის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც.
თავდაპირველად ბლინკენის ვიზიტი მიმდინარე წლის მარტში იყო ჩანიშნული და სწორედ აეროსტატის სკანდალის შემდეგ გადაიდო. გასულ თვეებში კავშირების აღდგენის პროცესში ჩინეთის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს მალტაზე შეხვდა ჯო ბაიდენის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი.
ცოტა ხნის წინ აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა ვან იც - ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის მთავარი თემა ჯო ბაიდენისა და სი ძინფინგის პირისპირ შეხვედრა იყო.