შოლცი პირობას დებს, რომ ნატოს "ყოველ კვადრატულ სანტიმეტრს" დაიცავს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე კიდევ იარსებებს, ამიტომ ბერლინი გააძლიერებს თავდაცვას და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს თავდაცვაში დაეხმარება.
ამის შესახებ შოლცმა კვირას აღმოსავლეთ გერმანიის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
გერმანიის კანცლერის თქმით, გერმანიის პოლიტიკის "გარდამტეხი წერტილი", რომელიც მან 2022 წელს გამოაცხადა, აუცილებელი იყო რუსეთის დასანახად: "ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ნატოს ტერიტორიის ყოველი კვადრატული სანტიმეტრი თავდასხმისგან."
მას მიაჩნია, რომ დიპლომატია მხოლოდ ძლიერის პოზიციიდან იქნება წარმატებული.
"და რადგან რუსეთის მხრიდან საფრთხე ისევ იარსებებს, ჩვენ და სხვა მოკავშირეებმა შარშან გადავწყვიტეთ განვათავსოთ დამატებითი დანაყოფები ბალტიისპირეთის ქვეყნებში და მომავალში იქ მუდმივად განვათავსოთ მთელი ბრიგადა, ეს პირველია გერმანიისთვის და ბუნდესვერისთვის." - თქვა მან.
გერმანიის მთავრობის მეთაურმა ასევე ეკონომიკაში გადამწყვეტი რეფორმების აუცილებლობაზე ისაუბრა, "რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას."
შოლცმა ფიგურალურად შეადარა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი მუშკეტერების გამოქმას: "ყველა ერთისთვის, ერთი ყველასათვის."
მან ასევე ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა, უკრაინას თავიანთი რეზერვებიდან მეტი სამხედრო ტექნიკა მიაწოდონ.