შოლცმა და ბაიდენმა ნავალნის სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე მისი გაცვლა განიხილეს - WSJ
The Wall Street Journal რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პატიმრების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ალექსეი ნავალნის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შესაძლო გაცვლა განიხილეს.
როგორც გამოცემა თანამოსაუბრეებზე დაყრდნობით წერს, მას შემდეგ, რაც ბაიდენი თეთრ სახლში მივიდა, რუსეთში გაჩნდა მოთხოვნა: "ჯაშუში ჯაშუშში გაცვალონ." შეერთებულ შტატებს ჯაშუშობისთვის ნასამართლევი რუსი არ ჰყოლია, მაგრამ ვლადიმერ პუტინი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში მსჯავრდებული ФСБ-ს ყოფილი ოფიცერით, ვადიმ კრასიკოვით დაინტერესდა.
2023 წლის გაზაფხულზე Wall Street Journal-ის კორესპონდენტი ევან გერშკოვიჩი რუსეთში ჯაშუშობისთვის დააკავეს. ბაიდენმა საჯაროდ დადო პირობა, რომ მოითხოვდა მის გათავისუფლებას, მაგრამ მომდევნო თვეებში მოლაპარაკებებში მცირე პროგრესი იყო მანამ, სანამ პროცესში "მოულოდნელი მონაწილე" - აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი არ ჩაერთო.
გამომძიებელმა ჟურნალისტმა ჰრისტო გროზევმა მას თეთრ სახლში ალექსეი ნავალნის გაცვლის ლობირება სთხოვა.
ამავე დროს, იულია ნავალნაიამ არაფორმალურად გერმანელ ოფიციალურ პირებს მიმართა. გერმანიის მთავრობაში მოსაზრებები გაიყო: კერძოდ, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწინააღმდეგებოდა კრასიკოვის მონაწილეობით ნებისმიერ შეთანხმებას.
თუმცა, გერმანიაში ნავალნი პოპულარული ფიგურაა მას შემდეგ, რაც კლინიკა Charite-ში მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.
WSJ წერს, რომ იმავდროულად, პუტინი "ჯიუტად მიანიშნებდა," რომ მზად იყო ამერიკელი ჟურნალისტის, გერშკოვიჩის გაცვლისთვის.
გამოცემის ცნობით, 9 თებერვალს, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ვაშინგტონში ჯო ბაიდენს შეხვდა. ამ შეხვედრის დახურული თემა იყო ცივი ომის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე რთული გაცვლის განხილვა. შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მთავრობები შეთანხმდნენ გააგრძელონ კრასიკოვის ნავალნიზე გაცვლის იდეის განხილვა, მაგრამ თეთრ სახლს იმ დროს კრემლისთვის ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებია.
კონტექსტი
1 მარტს მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი დაკრძალეს, რომელიც 16 თებერვალს კოლონიაში გარდაიცვალა.
26 თებერვალს, "საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის" ხელმძღვანელმა მარია პევჩიხმა განაცხადა, რომ არსებობდა შეთანხმება ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გაცვლის შესახებ, მაგრამ ის კოლონიაში გარდაიცვალა, როდესაც მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზე იყო.
Reuters-ის ცნობით, ნავალნიმ იცოდა გაცვლის მომზადების შესახებ და დათანხმდა.
17 მარტს, რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის რუსულ ციხეში გარდაცვალებას "სამწუხარო მოვლენა" უწოდა.