იმპერატორის მთელი ამალა - როგორ დასრულდა კომპარტიის პარტიის XX ყრილობა
სი ძინფინგი მაო ძედუნის შემდეგ ჩინეთის ყველაზე გავლენიანი ლიდერი გახდა - კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობამ სი ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის პოსტზე მესამე, უპრეცედენტო ვადით აირჩია.
ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახური Xinhua იტყობინება.
პარტიის მეოცე კონგრესი დღეს, 23 ოქტომბერს დაიხურა.
გენერალური მდივნის პოსტის გარდა, სი ძინფინგმა მესამედ დაიკავა პარტიის ცენტრალური კომიტეტის სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი. ხოლო პრეზიდენტად მას მომდევნო წლის მარტში, საკანონმდებლო სესიაზე აირჩევენ.
პენსიაზე გავიდა რამდენიმე გავლენიანი ფუნქციონერი, მათ შორის ქვეყნის N2, პრემიერი ლი კეციანგი და N4 ვანგი იანგი. ყრილობის დაწყებამდე სწორედ ვანგ იანგი მიიჩნეოდა პრემიერობის ყველაზე რეალური კანდიდატი იყო.
ყრილობამ აირჩია პარტიის ცენტრალური კომიტეტი გაფართოებული შემადგენლობით, რომელიც 205 წევრისგან შედგება.
პარალელურად დამტკიცდა პარტიის პოლიტბიუროს ახალი 25-წევრიანი შემადგენლობა და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტი, რომელიც პარტიის ყველაზე გავლენიანი და ძლევამოსილი სტრუქტურაა.
პარტიის უკლებლივ ყველა ეშელონში სი ძინფინგის ლოიალისტები დაწინაურდნენ - როგორც ცენტრალურ კომიტეტში, ასევე პოლიტბიუროსა და მუდმივმოქმედ კომიტეტში.
მუდმივმოქმედი კომიტეტი დატოვა ოთხმა ძველმა წევრმა. ახალ წევრებს შორის არიან: ლი ქიანგი, რომელიც ამ დრომდე შანხაის უჯრედს ხელმძღვანელობდა. ცაი ცი, რომელსაც სი ძინფინგთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს, მათ ერთად აქვთ ნამუშევარი რამდენიმე პროვინციაში.
ყრილობამ დაამტკიცა ცვლილებები კონსტიტუციაშიც - ერთ-ერთი ცვლილებით სი ძინფინგი ქვეყნის "ბირთვულ ლიდერად". დასახელდა.
კონტექსტი
მეოცე ყრილობასთან ერთად ჩინეთში დასრულდა ე.წ. კოლექტიური მმართველობის ერა, რომელიც ქვეყანაში დენ სიაპინის შემდეგ მოქმედებდა. ამ მოდელის ფარგლებში პარტიის ცკ-ს მდივნის ძალაუფლება შეზღუდული იყო მუდმივმოქმედი კომიტეტითა და პოლიტბიუროს მეშვეობით. არსებობდა ახალი ლიდერის არჩევის მექანიზმი.
ამგვარად ჩინეთი მაო ძედუნის მმართველობის წლებს უბრუნდება, როდესაც პარტიის ლიდერი განუსაზღვრელ ძალაუფლებას აკონტროლებდა.
ყრილობის შედეგად სი ძინფინგის შეხედულებები და მეთოდები პრაქტიკულად პარტიის სახელმძღვანელო პრინციპებად გარდაისახა. ამ მოცემულებაში არ რჩება ადგილი განსხვავებული აზრისთვის.
სავარაუდოა, რომ სი ძინფინგი ერთპიროვნულად და დაბრკოლების გარეშე მიიღებს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას როგორც ეკონომიკის, ასევე პოლიტიკის ნაწილში.