სი ძინფინგმა პუტინი პირადად გააფრთხილა, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის არ გამოიყენოს - FT
ჩინეთის ლიდერმა სი ძინფინგმა პირადად გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.
ამ ინფორმაციას Financial Times აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე, ჩინეთის კომუნისტური პარტიიის ყოფილ მაღალჩინოსანზე და დასავლელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, სი ძინფინგმა მარტში მოსკოვში ვიზიტის დროს გააკეთა ასეთი განცხადება. მას შემდეგ, ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა მიაღწიეს წარმატებას პუტინის დარწმუნებაში, უარი ეთქვა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარაზე.
FT აღნიშნავს, რომ ჩინეთი თავის საჯარო განცხადებებში მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას. მაგრამ კიევის ბევრ მოკავშირეს ეჭვი ეპარება პეკინის განზრახვებში, პუტინთან სის "უსაზღვრო" პარტნიორობისა და ე.წ. "სამშვიდობო გეგმის" გათვალისწინებით, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიზნებს ეხმიანება.
აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ "ჩინელები იღებენ პასუხისმგებლობას (რუსეთისთვის - რედ.) მესიჯების ყველა დონეზე მიწოდებაზე."
მარტის დასაწყისში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა თქვა, რომ სის ვიზიტი "ამცირებს ბირთვული ომის რისკს და მათ [ჩინელებმა] ეს ძალიან მკაფიოდ განაცხადეს."
ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყოფილმა ოფიციალურმა პირმა FT-ს დაუდასტურა, რომ სი ძინფინგმა პირადად უთხრა პუტინს, არ გამოეყენებინა ბირთვული იარაღი და აღნიშნა, რომ ჩინეთის პოზიცია მათი გამოყენების წინააღმდეგ შეტანილია მის დოკუმენტში უკრაინაში მშვიდობის შესახებ.
დასავლეთის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გამოცემას განუცხადეს, რომ პუტინი იმედგაცრუებული იყო, რადგან სის ვიზიტმა რუსეთისთვის რაიმე ხელშესახები გამარჯვება არ მოიტანა.
"თუ რუსეთი უკრაინაში ატომურ იარაღს გამოიყენებდა, ეს ჩინეთისთვის ძალიან ცუდი იქნებოდა," - თქვა ერთ-ერთმა მათგანმა.
ჩინეთმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის კრიტიკისგან თავი შეიკავა და კონფლიქტის გაღვივებაში უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო დასავლეთს ადანაშაულებს. ამავდროულად, ჩინეთის მთავრობის მაღალი რანგის მრჩეველის თქმით, ომი საფრთხეს უქმნის ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირების შექმნის მცდელობებს.
მრჩეველმა აღნიშნა, რომ რუსეთის ატომურმა დარტყმამ უკრაინაზე ან მის ერთ-ერთ ევროპელ მოკავშირეზე შეიძლება კონტინენტი ჩინეთის წინააღმდეგ განაწყოს, ხოლო პეკინის მუდმივმა ზეწოლამ ასეთი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად შეიძლება გააუმჯობესოს ურთიერთობები კონტინენტთან.