ტაივანის მმართველი პარტიის ლიდერი ადგილობრივ არჩევნებში მარცხის შემდეგ გადადგა

ტაივანის პრეზიდენტი და მმართველი პარტიის ლიდერი ცაი ინგ-ვენი, ადგილობრივ არჩევნებში პარტიის მარცხის შემდეგ, პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა. 

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში, ცაი ინგ-ვენმა განაცხადა, რომ მარცხი დემოკრატიულ-პროგრესული პარტიის არასწორი მიდგომით იყო განპირობებული, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ ამომრჩევლების მოლოდინები, პარტიის საქმიანობაში ასახული არ ყოფილა. 

ცაი ინგ-ვენის პარტია დამარცხდა დედაქალაქ ტაიპეის მერის არჩევნებშიც, სადაც ძიანგ ან-ვონმა გაიმარჯვა. გომინდანის ნაციონალისტური პარტიის წევრი ძიანგ ან-ვონი ირწმუნება, რომ პარტიისა კუნძულის თვითმართველობის დამფუძნებლის, ჩან კაიშის პირდაპირი შთამომავალია. ტაივანის პოლიტიკური ტრადიციის თანახმად, ტაიპეის მერობა, პრეზიდენტობის ტრამპლინად მიიჩნევა. 

დემოკრატიულ-პროგრესული პარტიის კანდიდატი დამარცხდა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ქალაქ სინჩჟუში, სადაც მსოფლიოს ნახევარგამტარების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის - TSM-ის სათავო ოფისი და საწარმოები მდებაროებს. 

ცაინ ინგ-ვენის პარტია მარცხი კიდევ ორ უმსხვილეს ქალაქში, ტაიუვანსა და ცზილუნში განიცადა. ამგვარად, არჩევნების შედეგად დემოკრატიულ-პროგრესული პარტიის კონტროლქვეშ რჩება მხოლოდ 4 მუნიციპალიტეტი, რომლებიც ქვეყნის სამხრეთში მდებარეობს, სადაც პარტიის პოზიციები ტრადიციულად ძლიერია. 

კონტექსტი

"გომინდანის არჩევანია შუა გზა და რაციონალურობა",- განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ერიკ ჩუმ, გამარჯვების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში. 

დემოკრატიულ-პროგრესული პარტია ტრადიციულად უფრო პრო-დასავლურად მიიჩნევა და აშშ-სთან ეკონომიკური და სამხედრო კავშირების გამყარებას ემხრობა. გომინდანი კი ჩინეთის მიმართ უფრო მეგობრულად არის განწყობილი. 

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი არჩევნები, როგორც წესი, უფრო მეტად სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს ეხება, ჩინეთის საკითხი ამ არჩევნებზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო. 

დემოკრატიულ-პროგრესული პარტიის მარცხი ადგილობრივ არჩევნებში კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს, 2024 წლის გენერალურ არჩევნებთან დაკავშირებით. 

ქვეყანაში მოქმედი კონსტიტუციით, საპრეზიდენტო უფლებამოსილება 2 საპრეზიდენტო ვადით არის შეზღუდული, რის გამოც, ცაი ინგ-ვენი პრეზიდენტის პოსტზე კენჭს ვეღარ იყრის.

ადგილობრივი არჩევნების გარდა, ტაივანელები კენჭს უყრიდნენ არჩევნებში მონაწილეობის მინიმალური ასაკობრივი ცენზის 20-დან 18 წლამდე შემცირებას. მოსახლეობის უმრავლესობამ, ცვლილებას მხარი არ დაუჭირა. 

ჩინეთი და ტაივანი - მოკლე გზამკვლევი

ჩინეთი და ტაივანი გასული საუკუნის 1940-იან წლებში სამოქალაქო ომის პერიოდში გაიყვნენ - მატერიკულ ჩინეთში კომუნისტური პარტიის გამარჯვების მიუხედავად, ტაივანს დამარცხებული გენერალი, ჩან კაიშის პარტია მართავდა. 

ჩინეთი კუნძულს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მზად არის რეინტეგრაციისთვის, თუნდაც ძალის გამოყენებით. 

ტაივანს აქვს საკუთარი კონსტიტუცია და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული მთავრობაც. ტაივანის განკარგულებაშია 300 ათასიანი კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი შეიარაღებული ძალები. 

ქვეყნების აბსოლიტური უმრავლესობა ტაივანს არ აღიარებს და ლეგიტიმურად, პეკინში მჯდომ მთავრობას მიიჩნევს. 

ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს არც ამერიკის შეერთებული შტაბები. აშშ-ს ტაივანთან არ აქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობებიც, თუმცა მოქმედებს კანონი, რომელიც აშშ-ს ავალდებულებს ტაივანს თავდაცვაში დაეხმაროს.  

 

მსგავსი სიახლეები