თალიბანი ქაბულის აეროპორტის მართვას საამიროებს გადააბარებს - Reuters
თალიბანი და გაერთიანებული არაბული საამიროები შეთანხმების გაფორმებას აპირებენ, რომლის ფარგლებშიც ეს უკანასკნელი ქაბულის აეროპორტის მართვას ჩაიბარებს, წერს სააგენტო Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ავღანეთის ხელისუფლებაში გასული წლის აგვისტოში მოვიდა, აეროპორტის მართვაში დახმარებას რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის კატარს და თურქეთს სთხოვდა.
აეროპორტის გახსნა თალიბებს საერთაშორისო იზოლაციის გარღვევაში შეიძლება დაეხმაროს, წერენ ანალიტიკოსები.
ამას გარდა, ავღანეთის ინფრასტრუქტურის მთავარ კვანძზე კონტროლის მოპოვებით საამიროები გავლენის ზონის გაფართოებას ცდილობს.
საამიროების ავიახაზები, რომელმაც ქაბულში ფრენა შარშან შეაჩერა, შეთანხმების გაფორმების შემდეგ სავარაუდოდ ოპერაციებს განაახლებს.