თალიბანმა ავღანეთის საარჩევნო ადმინისტრაცია გააუქმა

 

თალიბანმა ავღანეთში საარჩევნო ადმინისტრაცია გააუქმა.

ტერორისტული ორგანიზაციის განკარგულებით, მუშაობას შეწყვეტს ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია და საარჩევნო სარჩელების კომისია.

თალიბანის პრეს-სპიკერი ბილალ ქარიმი აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში ავღანეთში საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციონირების „საჭიროება არ დგას“.

აღნიშნული სტრუქტურები ავღანეთში საპრეზიდენტო, საპარლამენტო და რეგიონული არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფდნენ.

ამასთან, თალიბანმა მშვიდობის და საპარლამენტო საკითხების სახელმწიფო მინისტრის აპარატებიც გააუქმა.

მანამდე ავღანეთში ქალთა საკითხების სამინისტრო დახურეს.

ტერორისტული ორგანიზაცია თალიბანი ხელისუფლებაში 2021 წლის აგვისტოში ავღანეთის დასავლური სამხედრო მისიის დატოვების შემდეგ მოვიდა.

თალიბანის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ქვეყნის მართვას „ინკლუზიური მთავრობის“ საშუალებით აპირებდნენ - „შარიათის ნორმების ფარგლებში“. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ თალიბანი ადამიანის უფლებებს სისტემატურად ზღუდავს. 

 

მსგავსი სიახლეები