ტოკაევმა ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩვნებში გაიმარჯვა
ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა გაიმარჯვა. 21 ნოემბერს გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, ტოკაევს მოსახლეობის 85%-მა დაუჭირა მხარი.
"ხალხმა მე, როგორც პრეზიდენტს, დამაჯერებელი ნდობა გამომიცხადა. ხალხის ნდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება. ჩვენ უნდა გავამართლოთ ამ ხალხის ნდობა", - განაცხადა ტოკაევმა წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, მას ხმების 82.2-85,5% აქვს.
კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა, რომელიც 2019 წლიდან მართავს ქვეყანას, ოპოზიცია, პრაქტიკულად, გაანადგურა. ტოკაევის უახლოესმა კონკურენტმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების მხოლოდ 5.2% მიიღო.
ამომრჩეველთა აქტივობამ დაახლოებით 69% შეადგინა.
ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნები თავდაპირველად 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ სექტემბერში ტოკაევმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა, როგორც მისი ფართო საკონსტიტუციო და ეკონომიკური რეფორმების ნაწილი.
ტოკაევი ყაზახეთს ნურსულთან ნაზარბაევის წასვლის შემდეგ ხელმძღვანელობდა, რომელიც ქვეყანას ავტორიტარულად მართავდა თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში.
ნაზარბაევმა პირველმა მიულოცა ტოკაევს არჩევნებში გამარჯვება.
"ეს გამარჯვება მოწმობს თქვენს, როგორც სახელმწიფოს მეთაურის მაღალ ავტორიტეტს და თქვენი ფართომასშტაბიანი რეფორმებისა და ახალი ინიციატივებისადმი ხალხის ურყევი რწმენის უდავო დასტურია, ისიევე, როგორც იმ გამძლეობის, მონდომების და სიბრძნის აღიარებისა, რაც თქვენ გამოიჩინეთ კრიტიკული საათებში, როდესაც ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა სასწორზე იდგა", - ნათქვამია ყოფილი პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
2022 წლის იანვარში ყაზახეთში ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები ჩატარდა, რომელიც გაზის ფასის გაძვირების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებით დაიწყო. შედეგად, ასობით ადამიანი დაიღუპა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ათასობით კი დააპატიმრეს.
აქციების შემდეგ ნაზარბაევების ოჯახის წევრებს და მის ახლო წრეს ჩამოერთვათ თანამდებობები და გავლენა. მარტში ტოკაევმა გამოაცხადა რეფორმების სერია, რომელიც მოიცავდა შესწორებას ქვეყნის კონსტიტუციაში. კერძოდ, რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, პრეზიდენტის უფლებამოსილება ერთი შვიდწლიანი ვადით შემოიფარგლა.