ტრამპის მხარდაჭერილმა მაკარტიმ სპიკერობისთვის საჭირო ხმები ვერ მოიპოვა

პირველად, ბოლო 100 წლის განმავლობაში, ქვედა პალატაში უმრავლესობის მქონე პარტიამ, არჩევნების სამი რაუნდის შემდეგ, სპიკერის არჩევა ვერ შეძლო. 

აღნიშნულ პოსტზე, რესპუბლიკელების მთავარი კანდიდატი, დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კევინ მაკარტია. მესამე რაუნდის შემდეგ, მაკარტის 202 კონგრესმენის ხმა აქვს, ხოლო მის მთავარ კონკურენტს დემოკრატიული პარტიიდან, ჰაკიმ ჯეფრისს - 212 ხმა. 

20 კონგრესმენის მხარდაჭერა მოიპოვა კიდევ ერთმა რესპუბლიკელმა, ჯიმ ჯორდანმა. სწორად ჯორდანის მონაწილეობია მიზეზი, რის გამოც ვერ შეძლო მაკარტიმ სპიკერობისთვის აუცილებელი 218 ხმის მოპოვება. 

კონტექსტი

გასულ ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნები ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანამ 33 შტატის სენატორი და ქვედა პალატის 435 კონგრესმენი აირჩია. 

არჩევნების შედეგად დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესში უმრავლესობა დაკარგა, რის შედეგადაც საჭირო გახდა ახალი სპიკერის არჩევა. ეს არის პირველი შემთხვევა 1923 წლის შემდეგ, როდესაც უმრავლესობაში მყოფ პარტიას სპიკერის ასარჩევად ერთ კენჭისყრაზე მეტი დაჭირდება. 

აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, კონგრესი ვერ დაიწყებს ფუნქციონირებას, სანამ ახალ სპიკერს არ აირჩევენ. წესების მიხედვით კენჭისყრა იქამდე გაგრძელდება, სანამ ახალ ლიდერს არ აირჩევენ. 

კონგრესმენების გადაწყვეტილებით კენჭისყრის მეორე ტური ოთხშაბათს, 4 იანვარს გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები