ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში: ღაზას 5 წელიწადში აღდგენა შეუძლებელია

ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების გეგმა გააკრიტიკა, რომელიც ამჟამად მოქმედებს.

მისთვის განსაკუთრებით მიუღებელია შეთანხმების ის ნაწილი, სადაც საუბარია ღაზას რეკონსტრუქციისთვის ხუთწლიანი პერიოდზე.

"პრობლემის ნაწილი ის არის, რომ პირველად ხელი მოეწერა არც ისე კარგ შეთანხმებას. ეს არ იყო ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შედგენილი. ჩვენ არანაირი კავშირი არ გვქონდა. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ამ ჩარჩოს ფარგლებში და ვაწყდებით ამ საკითხებს," - უთხრა უიტკოფმა ჟურნალისტებს თეთრი სახლის გარეთ.

"ის, რასაც [მე] და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ვაფიქსირებთ - რაც, სხვათა შორის, პრეზიდენტმა ტრამპმა დაადგინა - არის ის, რომ მესამე ეტაპი, რეკონსტრუქცია, არ წავა ისე, როგორც შეთანხმებაშია საუბარი, რომელიც არის ხუთწლიანი პროგრამა. ფიზიკურად შეუძლებელია. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ გამჭვირვალე ამ ადამიანებთან," - აღნიშნა მან.

"აშშ-ის ნებისმიერ ქალაქში, იმის ერთი მეასედი ზარალი რომ იყოს, რაც მე ღაზაში ვნახე... არავის მისცემდენენ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას. აი, ამდენად საშიშია ეს," - განმარტა უიტკოფმა. "არის 30 ათასი აუფეთქებელი საბრძოლო მასალა; არის შენობები, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება დაინგრეს; იქ არანაირი კომუნალური მომსახურება არ არსებობს; არ მუშაობს წყალი, დენი, გაზი - არაფერი. ღმერთმა იცის, რა სახის დაავადებები შეიძლება იყოს იქ."

"როდესაც პრეზიდენტი საუბრობს "ღაზას გასუფთავებაზე," ის საუბრობს მის საცხოვრებლად უსაფრთხოდ ქცევაზე. ეს გრძელვადიანი გეგმაა. მათ გათხარეს გვირაბები, გამოაცალეს ქვები, რომელიც საძირკველს წარმოქმნიდა. ჩვენ ეს უნდა შევამოწმოთ... ეს მიწისქვეშა კვლევებით კეთდება," - აღნიშნა ტრამპის წარმომადგენელმა.

"ჩემთვის უსამართლოა პალესტინელებისთვის იმის თქმა, რომ ისინი შესაძლოა ხუთ წელიწადში დაბრუნდნენ. ეს უბრალოდ სისულელეა."- თქვა მან.

კონტექსტი

25 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იორდანიამ და ეგვიპტემ ღაზას სექტორიდან მეტი პალესტინელი ლტოლვილი უნდა მიიღოს. 

"მე ვუთხარი მას [იორდანიის მეფეს], რომ სურვილი მაქვს, თქვენ მეტი ლტოლვილი მიიღოთ, რადგან ამჟამად ღაზას სექტორს ვაკვირდები და იქ ნამდვილი არეულობაა." - გაიხსენა ტრამპმა ჟურნალისტებთან იორდანიის მეფე აბდულა II-თან მისი სატელეფონო საუბარი.

ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ ტრამპის წინადადებაზე თქვა, რომ პალესტინელთა გადასახლებას "ვერასდროს შეეგუებიან ან დაუშვებენ."

ეგვიპტემ, საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, კატარმა, პალესტინის ხელისუფლებამ და არაბული ქვეყნების ლიგამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ისინი უარყოფენ ნებისმიერ გეგმას, რომელიც მოიცავს პალესტინელების გადასახლებას ღაზას სექტორიდან და დასავლეთ სანაპიროდან.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამგვარი გეგმები "საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას, ქმნის კონფლიქტის გაფართოების რისკს და ძირს უთხრის რეგიონის ხალხებს შორის მშვიდობისა და თანაცხოვრების პერსპექტივებს."

ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გადასახლება "შეიძლება იყოს დროებითი ან გრძელვადიანი." მისი თქმით, "რაღაც უნდა მოხდეს, რადგან ღაზას სექტორი თითქმის მთლიანად განადგურებულია."

მსგავსი სიახლეები