ცაჰკნა: ნატოს სამიტზე ესტონეთის მთავარი მიზანი უკრაინისთვის საგზაო რუკის მიცემაა
ესტონეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინას ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ეს განცხადება ესტონეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ვილნიუსის სამიტის წინ გააკეთა.
"ვილნიუსის სამიტზე ესტონეთის მიზანი უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების მკაფიო საგზაო რუკის მიცემა და ალიანსის ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნებაა," - განაცხადა ცაჰკნამ.
მისი თქმით, ეს არის ესტონეთის ბუნებრივი თანადგომა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 500 დღის შემდეგ.
"ჩვენ უკრაინას პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა შევთავაზეთ, უზრუნველვყავით საჭირო ჰუმანიტარული დახმარება და დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები სამოქალაქო ობიექტებზე, ინფრასტრუქტურაზე ფოკუსირებით," - აღნიშნა მინისტრმა.
ცაჰკნამ განაცხადა, რომ ესტონეთი ამზადებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ქვეყანას გაყინული რუსული აქტივების უკრაინის აღდგენისთვის გამოყენების საშუალებას მისცემს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება ესტონეთში უკრაინის მომავალ ელჩთან, მაქსიმ კონონენკოსთან შეხვედრისას გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ ესტონეთი გააგრძელებს უკრაინის ყოვლისმომცველ მხარდაჭერას, სანამ ომში არ გაიმარჯვებს.
შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო რუსეთის ლიდერებისთვის უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაზე, რის შესახებაც ცაჰკნამ განაცხადა, რომ "დასავლეთის მორალური მოვალეობაა უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირები, საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ."