ტუნისში სინაგოგაზე თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ტუნისში, კუნძულ ჯერბაზე, ლა-ღრიბას სინაგოგასთან თავდახსმის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 მაისს ღამით განაცხადა.
დაღუპულებს შორის არის სინაგოგის ორი სტუმარი, დაცვის თანამშრომელი და თავდამსხმელი. ტრაგედია კუნძულზე პილიგრიმების ვიზიტის დროს მოხდა.
Reuters-ის ცნობით, თავდამსხმელი ქვეყნის საზღვაო ძალებში მსახურობდა. პირადი იარაღით მან ჯერ კოლეგას ესროლა, შემდეგ კი სინაგოგისკენ წავიდა, სადაც სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს.
ტუნისის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დაღუპული მომლოცველებიდან ერთი ფრანგი იყო, მეორე კი ტუნისის მოქალაქე. დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
ლა ღრიბას სინაგოგა ტუნისის დედაქალაქიდან 500 კილომეტრში მდებარეობს და აფრიკაში უძველესია. ყოველწლიურად მის სანახავად ათასობით ებრაელი ჩადის ევროპიდან და ისრაელიდან.
2002 წლის სინაგოგასთან ალ-ქაიდამ ტერაქტი მოაწყო, რის შემდეგაც ადგილზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. მაშინ 21 დასავლელი ტურისტი დაიღუპა.