თურქეთი უარს ამბობს ფინეთთან და შვედეთთან ნატოს წევრობაზე მოლაპარაკებებზე

თურქეთმა უარი განაცხადა ნატოს ეგიდით ფინეთთან და შვედეთთან სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვაზე.

სკანდინავიის ქვეყნებმა გასულ თვეში სამხედრო ალიანსის წევრობაზე განაცხადი გააკეთეს.

თურქეთი ნატოში შესვლაზე თანხმობის სანაცვლოდ ფინეთისგან და შვედეთისგან „უსაფრთხოებასთან“ დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებას მოითხოვს.

ანკარას განცხადებით, სტოკჰოლმი და ჰელსინკი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK) მფარველობენ.

პრეზიდენტმა ერდოღანმა სკანდინავიის ქვეყნებს „ტერორისტების ინკუბატორი“ უწოდა და PKK-ს წევრების ექსტრადიცია მოითხოვა.

თურქეთი შვედეთის მიერ გამოცხადებულ შეიარაღების ემბარგოს გაუქმებასაც მოითხოვს.

„სანამ ფინეთი და შვედეთი კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამენ, ნატოს საკითხზე ჩვენს პოზიციას არ შევიცვლით“, - განაცხადა ერდოღანმა.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ თურქეთის მოთხოვნები „ლეგიტიმურია“ და წევრობის მსურველი ქვეყნები მათ „გასათვალისწინებლად მზად არიან“.

„ჯერჯერობით შეშფოთებულები არ ვართ. [ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანება] დიპლომატიური შესაძლებლობების ფარგლებშია“, - ამბობს ალიანსის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გამოცემა Financial Times-თან საუბარში.


ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრები არ არიან და მათზე კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგა არ ვრცელდება.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ სკანდინავიის ორ მეზობელ ქვეყანაში საზოგადოებრივი განწყობა ნატოს წევრობის სასარგებლოდ შეიცვალა.

კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ თუ ფინეთი ნატოში გაერთიანდება, რუსეთი "ვითარების გადასინჯვას" შეეცდება.

მსგავსი სიახლეები