თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ინჯემ კანდიდატურა მოხსნა

თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მუჰარემ ინჯემ კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ Politico წერს.

ინჯეს მიერ კანდიდატურის მოხსნა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააძლიერებს მთავარ ოპოზიციურ კანდიდატ ქემალ ქილიჩდაროღლუს.

"მე ვტოვებ ამ რბოლას. ამას ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის", - განაცხადა მან ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

"არ მინდა, რომ დამარცხება მე დამაბრალონ", - თქვა მან ქილიჩდაროღლუზე.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ მისი პარტია "სამშობლო" საპარლამენტო რბოლაში დარჩება: "მოვუწოდებ თითოეულ ოჯახს, "სამშობლო პარტიას" მინიმუმ ერთი ხმა მისცეს."

ინჯემ მხარი არცერთ დარჩენილ კანდიდატს არ დაუჭირა.

ხუთშაბათს, ანკარის პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სოციალურ მედიაში გავრცელებულ სექსუალური შინაარსის ჩანაწერზე, რომელშიც, სავარაუდოდ, ინჯე ჩანს.

პოლიტიკოსმა კადრების ავთენტურობა უარყო და ოთხშაბათს განაცხადა, რომ ვიდეო "ყალბია" და მის წინააღმდეგ "შეთქმულების" ნაწილია.

კონტექსტი

თურქეთში არჩევნები 14 მაისს ჩატარდება. მოქალაქეები ქვეყნის პრეზიდენტს და თურქეთის 600 ადამიანისგან შემდგარ პარლამენტს აირჩევენ.

6-7 მაისს, Konda-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევით, მთავარ ოპოზიციურ კანდიდატ ქემალ ქილიჩდაროღლუს მოსახლეობის 49.3% უჭერს მხარს, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს კი - 43.7%.

მსგავსი სიახლეები