უკრაინა რუსეთს შავ და აზოვის ზღვაში ნაოსნობის შეფერხებაში ადანაშაულებს

 

უკრაინა რუსეთს სამხედრო წვრთნების საბაბით აზოვის და შავი ზღვის ნაწილებში და ქერჩის სრუტეში ნაოსნობის შეფერხებაში ადანაშაულებს.

„უპრეცედენტო სამხედრო მანევრები ზღვებში ნაოსნობას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის, რაც საერთაშორისო გადაზიდვებს და ვაჭრობას ხელს უშლის და უკრაინის პორტებს აზარალებს“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტაში.

კიევი მოსკოვის ქმედებას რუსული „ჰიბრიდული ომის“ ნაწილად აფასებს, რომელიც უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების მასშტაბური მობილიზაციის ფონზე მიმდინარეობს.

8 თებერვალს რუსეთმა შავ ზღვაში დამატებით ექვსი სამხედრო ხომალდი შეიყვანა, რომლებიც ბალტიის და ჩრდილოეთის ფლოტის შემადგენლობაში ირიცხებიან.

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, სამხედრო გემები 13-19 თებერვალს დაგეგმილ საზღვაო სწავლებაში მიიღებენ მონაწილეობას.

 


საექსპერტო წრეებში უკრაინაზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის სცენარებს შორის საზღვაო გზაც განიხილება - რაც უკრაინის სანაპირო ზოლის ანექსიას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები