უკრაინის ახალი თავდაცვის მინისტრი სტოლტენბერგსა და ბორელს ესაუბრა
უკრაინის ახალი თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, რომელიც თანამდებობაზე გასულ კვირას დაინიშნა, ტელეფონით პირველად ესაუბრა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, მან სტოლტენბერგთან "პროდუქტიული მოლაპარაკებები" გამართა, რომლის დროსაც განიხილა ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებების შესრულება და ერთობლივი მუშაობა ურთიერთთავსებადობის საგზაო რუკაზე.
"ჩემს კოლეგას ვაცნობე ფრონტზე არსებული ოპერატიული ვითარების და ჩვენი შეტევითი ოპერაციის შედეგების შესახებ," - აღნიშნა უმეროვმა.
გარდა ამისა, მან ბორელთან უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების გაუმჯობესება განიხილა.
"თავისუფლების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ კოლექტიური მოქმედებით, რაც მოითხოვს ევროპაში ეფექტურ საერთო უსაფრთხოების არქიტექტურას. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ერთად გამარჯვებამდე." - დაწერა თავდაცვის მინისტრმა Twitter-ზე.