უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგე ტრამპის ბანაკიდან - ვინ არის მაიკ ჯონსონი
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატამ 3-კვირიანი პაუზის შემდეგ ახალი სპიკერი აირჩია. ახალი სპიკერი ლუიზიანელი კონგრესმენი, მაიკ ჯონსონი იქნება.
უკრაინის დახმარების სკეპტიკოსი და დონალდ ტრამპთან დაახლოებული კონგრესმენი - ვინ არის მაიკ ჯონსონი
მაიკ ჯონსონი დონალდ ტრამპთან დაახლოებული პოლიტიკოსია. სწორედ ჯონსონი მეთაურობდა კონგრესმენთა გუნდს, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაჩივრებასა და შეცვლას ცდილობდა.
ლუიზიანელი რესპუბლიკელი კონგრესში პირველად 2016 წელს აირჩიეს და ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა პარტიულ თანამდებობებს იკავებდა, მათ შორის სხვადასხვა პროფილურ კომიტეტშიც. კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, მაიკ ჯონსონი აქტიურად მონაწილეობდა დონალდ ტრამპის იურიდიულ გუნდში, მისი იმპიჩმენტის მცდელობისას.
ჯონსონი სახელი პოპულარული 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში, მას შემდეგ გახდა, რაც არჩევნების შედეგების ხელმომწერმა რესპუბლიკელებმა მიიღეს წერილი, რომელიც ბევრმა მათგანმა მუქარად აღიქვა. მოგვიანებით, New Yorker-თან საუბარში ჯონსონმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონია მსგავსი განზრახვა.
მას შემდეგ რაც 2020 წლის 7 ნოემბერს ჯო ბაიდენი არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადდა, მაიჯ ჯონსონმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაპოსტა - "ცოტა ხნის წინ დავურეკე პრეზიდენტ ტრამპს, რომ მეთქვა - იყავით მხნედ და გააგრძელეთ ბრძოლა, ამერიკელი ხალხი თქვენს ნებისყოფაზეა დამოკიდებული. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა იურიდიული გზა, რომ აღვადგინოთ ამერიკელთა რწმენა საარჩევნო სისტემის სამართლიანობაში."
კევინ მაკკარტის გადაყენების შემდეგ დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერდა არცერთ კანდიდატს, თუმცა 24 ოქტომბერს თავის სოციალურ ქსელ Thruth-ში ჯონსონის მხარდამჭერი პოსტი განათავსა.
გარდა ამისა, მაიკ ჯონსონი კონგრესში ერთ-ერთ ყველაზე რელიგიურ კონსერვატორად მიიჩნევა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა აბორტს. "ეს არის ექსტრაორდინალური დღე ამერიკის ისტორიაში, რისთვისაც 50 წელი გახდა საჭირო",- დაწერა მაიკ ჯონსონმა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აბორტებთან დაკავშირებით.
მაიკ ჯონსონი თავისუფალ დროს თავის ცოლთან ერთად რელიგიური პოდკასტის წამყვანია. გასულ წელს ჯონსონმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც 10 წლამდე ბავშვებში სექსუალური განათლებისთვის ფედერალური თანხების გამოყოფას კრძალავდა.
უკრაინა
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეებში მაიკ ჯონსონმა უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია დაიკავა. "ჩვენ რუსეთს უნდა დავუწესოთ დამანგრეველი სანქციები, გავთიშოთ ის გლობალური ეკონომიკიდან. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მტკიცედ, ამერიკელები ლოცულობენ უკრაინისთვის",- წერდა ჯონსონი.
უკვე 2022 წლის აპრილში ჯონსონმა მხარი დაუჭირა ე.წ. ლენდ-ლიზს, კანონპროექტის მიზანი უკრაინისთვის დახმარების გადაცემის გამარტივება იყო.
კონგრესმენის პოზიციების ცვლილება უკრაინასთან მიმართებით 2022 წლის მაისში დაიწყო - ჯონსონი ერთ-ერთი იყო რესპუბლიკელთა შორის, რომელმაც უკრაინისთვის დამატებით 40 მილიარდი დოლარის გამოყოფის წინააღმდეგ წავიდა.
"ჩვენ არ უნდა გავგზავნოთ დამატებით 40 მილიარდი უკრაინაში, როდესაც ჩვენს საზღვრებზე ქაოსია, ამერიკელი დედებს უჭირთ ბაშვთა კვების შოვნა, საწვავის ფასები რეკორდულად მაღალია",- წერდა ჯონსონი.
მიმდინარე წლის თებერვალში ჯონსონი ამბობდა, რომ დახმარების გასაგრძელებლად უკრაინის მხრიდან მეტი გამჭვირვალობაა საჭირო - "ამერიკელი გადასახადის გადამხდელებმა უნდა იცოდნენ არის თუ არა უკრაინის მთავრობა გამჭვირვალე იმ მოცულობითი რესურსების გამოყენებაში, რაც მათ გაიღეს."
ჯონსონი ასევე ეწინააღმდეგებოდა უკრაინის დახმარების პუნქტს შეტანას დროებით 45-დღიან ბიუჯეტში, რომელიც კონგრესმა სექტემბრის მიწურულს მიიღო.
ისრაელი
უკრაინისგან განსხვავებით ისრაელთან მიმართებით ჯონსონის პოზიციები უფრო ერთმნიშვნელოვანია. კონგრესმენი ისრაელის მტკიცე მხარდამჭერად მიიჩნევა.
ამაზე მეტყველებს პოლიტიკოსის მიერ ჰამასის თავდასხმის შესახებ გავრცელებული განცხადებები - "ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ დგანან ისრაელს მხარდამხარ, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ისრაელს და გამოვყოთ რესურსი ჰამასის ტერორისტული რეჟიმის განადგურებისთვის."
სპიკერად არჩევამდე რამდენიმე დღით ადრე ჯონსონი სოციალურ ქსელ X-ზე წერდა, რომ აუცილებელია ისეთი სპიკერის არჩევა, რომელიც გააკეთებს ყველაფერს "ჰამასის დასასრულებლად."
კონტექსტი
20 ოქტომბრის მიმართვის შემდეგ, ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინისა და ისრაელის დასახმარებლად ჯამურად 100 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფა სთხოვა. ამ თანხიდან 60 მილიარდი დოლარი პროექტის თანახმად უკრაინისთვის არის განკუთვნილი.
ჯო ბაიდენმა მიმართვაში განმარტა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ დაუშვებს "ტერორისტებისა და ტირანების" - ჰამასისა და ვლადიმერ პუტინის წარმატებას ამერიკაში პოლიტიკური განხეთქილების გამო.
ჯერჯერობით უცნობია რა ბედი ეწევა პრეზიდენტ ბაიდენის მიერ კონგრესისთვის გაგზავნილ დახმარების პაკეტს - საყურადღებოა, რომ წარმომადგენელთა ორივე პალატაში უკრაინის მხარდამჭერთა მყარი უმრავლესობა არსებობს, თუმცა მინიმალური უმრავლესობის პირობებში რადიკალურად განწყობილი რესპუბლიკელების მცირე ჯგუფის მნიშვნელობა და გავლენა არაპროპროციულად დიდია.