უოლესს სურს ნატოს გენერალური მდივანი გახდეს
ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა გამოთქვა სურვილი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი გახდეს.
ამის შესახებ უოლესმა საინფორმაციო სააგენტო DPA-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ბრიტანელი მინისტრის თქმით, ნატოს გენერალური მდივნის პოსტი არის "სამსახური, რომლის მიღებაც მსურს."
"ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობა იქნება ფანტასტიკური სამუშაო და ნატო ძალზე მნიშვნელოვანია მთელი ჩვენი უსაფრთხოებისთვის. მოხარული ვიქნები ჩემი წვლილი შევიტანო იმაში, რომ თქვენ კარგად დაიძინოთ", - თქვა მან.
ამავდროულად, უოლესმა ცხადყო, რომ იგი კმაყოფილია ბრიტანეთის მთავრობაში თავდაცვის მდივნის ამჟამინდელი როლით.
დანიშვნის შემთხვევაში, ბენ უოლესი ბოლო ოცი წლის განმავლობაში პირველი ბრიტანელი გენერალური მდივანი გახდება. მის გარდა, ამ თანამდებობის დაკავების სურვილი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმაც გამოთქვა.
ნატოს ამჟამინდელმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თანამდებობაზე 2014 წლის 1 ოქტომბერს დაიკავა. ის გასულ წელს უნდა გადამდგარიყო, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო, მისი უფლებამოსილების ვადის 2023 წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელება გადაწყდა.