უზბეკეთში პოლიციელებთან შეტაკების შედაგად 18 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 243
უზბეკეთში სამოქალაქო არეულობის დროს 18 მოქალაქე დაიღუპა, დაშავებულია 243.
ინფორმაციას ამის შესახებ უზბეკეთის ეროვნული გვარდია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სულ დაკავებულია 516 მოქალაქე. სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფება 94 მოქალაქე, მათ შორის 38 სამართალდამცველი.
კონტექსტი
საპროტესტო გამოსვლების ეპიცენტრი ყარაყალპაკეთის დედაქალაქი ნუკუსი გახდა. მოსახლეობის უკმაყოფილება დაგეგმილმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკა კარგავს სახელმწიფო სუვერენიტეტს და უზბეკეთის შემადგენლობიდან გასვლის უფლებას.
1930 წელს საბჭოთა ხელმძღვანელობამ ყარაყალპაყეთის ავტონომიური ოლქი უზბეკეთის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობიდან გამოიყვანა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ რესპუბლიკას [РСФСР] გადასცა.
1936 წელს მიღებული "სტალინური" კონსტიტუციით ყარაყალპაყეთი უზბეკეთის საბჭოთა რესპუბლიკას დაუბრუნდა. 1936-1990 წლებში ყარაყალპაყეთი უზბეკეთის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა.
უკვე 1990 წელს ყარაყალპაყეთის რესპუბლიკამ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი გამოაცხადა, თუმცა 1993 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას უზბეკეთთან, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკა უზბეკეთის შემადგენლობაში შედიოდა 20 წლით, თუმცა რეფერენდუმის მეშვეობით გამოსვლის უფლებას ინარჩუნებდა.
უზბეკეთის ახალი კონსტიტუციის პროექტის საზოგადოებრივი განხილვები 26 ივნისს დაიწყო. საუბარია სულ 170 შესწორებაზე კონსტიტუციის 66 მუხლში.
ახალი პროექტის მიხედვითაც 5-დან 7 წლამდე იზრდება საპრეზიდენტო ვადის ხანგრძლივობა, ასევე იცვლება სამართლებრივი პრინციპი, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უწყებებსა და მოქალაქეს შორის გადაუწყვეტელი წინააღმდეგობის მოგვარებისას კანონის ინტერპრეტირება მოქალაქის სასარგებლოდ მოხდება.
უზბეკეთის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი ასევე ემხრობა სიკვდილით დასჯის კონსტიტუციურ აკრძალვას, რომლის მოქმედებაც ქვეყანაში 2008 წლიდან არის შეჩერებული.