WSJ: ირანმა სირიას ნავთობის ფასი გაუორმაგა

ზამთრის პიკური მოთხოვნისა და შიდა ეკონომიკური პრობლემების ფონზე ირანმა სირიისთვის ნავთობის ფასი 30-დან 70 დოლარამდე გაზარდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს

ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ ირანს არ აქვს საკმარისი ეკონომიკური რესურსი თავისი რეგიონული ამბიციების მომსახურებისთვის - წლების განმავლობაში ირანი სანავთობო შემოსავლებს სირიაში, ლიბანსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში, საკუთარი გავლენის გასაზრდელად იყენებდა, მათ შორის სირიაშიც, სადაც ირანის დახმარებამ ასადის რეჟიმი გადაარჩინა. 

სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ირანის გავლენა მეზობელზე მკვეთრად გაიზარდა, ასადი დამოკიდებული გახდა როგორც ირანისგან მიწოდებულ იარაღსა და მებრძოლებზე, ასევე ეკონომიკურადაც. სირიაში ნავთობის ჯამური მოხმარების ნახევარი აქამდე სწორედ იაფ ირანულ საწვავზე მოდიოდა. 

WSJ-ის ცნობით, გასულ კვირებში ირანელმა მაღალჩინოსნებმა სირიელ კოლეგებს აცნობეს, რომ ნავთობის ახალი პარტიებისთვის უფრო მეტი უნდა გადაიხადონ. ასევე გაუქმდა საკრედიტო ხაზი, რომელიც სირიას საშუალებას აძლევდა თანხა ნავთობის მიღების შემდეგ გადაეხადა. ამიერიდან, სირია ვალდებული იქნება ანგარიში წინასწარ გაასწოროს. 

ანალიტიკოსების აზრით, სწორედ ამის შედეგია სირიაში არსებული საწვავის დეფიციტი - ადგილობრივი მედიის ცნობით, ბენზინგასამართ სადგურებთან გრძელი რიგები უკვე ყოველდღიურად ფიქსირდება, გაიზარდა ტრანსპორტის მომსსახურების ფასი, რამაც კიდევ უფრო მეტად გაზარდა ფასები საბაზისო მოხმარების პროდუქტებზე. 

დეკემბერში სირიის ენერგიის დაზოგვის მიზნით საქმიანობა რამდენიმე დღით შეაჩერა არაერთმა სახელმწიფო უწყებამ. ცხადია, კრიზისი ყველაზე უარყოფითად მოსახლეობის განსაკუთრებით ღარიბ ფენაზე აისახა - ისინი იძულებელები არიან თავის გასათბობად შეშა შეაგროვონ, ან თხილის ნაჭუჭები იყიდონ. 

"გასული ათწლეულების განმავლობაში ეს სირიის მეხსიერებაში ყველაზე მწვავე სანავთობო კრიზისია",- ამბობს გამოცემასთან საუბარში ფაბრის ლაბლანში - ლიონის უნივერსიტეტის პროფესორი. 

კონტექსტი 

14 იანვარს დამასკოს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ეწვია, რომელიც ბაშარ ასადს შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მხარეებმა ორმხრივი კავშირების და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ განაცხადეს. ნავთობის ფასების შესახებ არაფერი თქმულა. 

საერთაშორისო სანქციებისა და მწვავე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ირანში ინფლაციის მაჩვენებელი 50%-ს აღემატება, ამ დროისთვის ქვეყნის 83 მილიონიანი მოსახლეობიდან დაახლოებით მესამედი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება, ხოლო ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმზეა. 

რეჟიმისთვის ვითარებას ართულებს განგრძობითი საპროტესტო გამოსვლებიც, რომელიც მაჰსა ამინის მკვლელობას მოჰყვა და ამ დრომდე გრძელდება. 

"ჩვენ თვითონ წნეხის ქვეშ ვართ. არ არის აუცილებლობა სირიას ნავთობი იაფად მივყიდოთ",- ამბობს ჰამიდ ჰოსეინი, ნავთობისა და გაზის ექსპორტიორთა ასოციაციიდან.

წყაროების ცნობით, სირიისთვის ირანული ნავთობის ფასი 30-დან 70 დოლარამდე გაიზარდა. ირანული წარმოების მიწოდება სირიისთვის ჩვეულებრივ თვეში 2 საზღვაო მიწოდებით ხორციელდება. ბოლო გემი სირიაში დეკემბრის შუა რიცხვებში ჩავიდა, ხოლო მომდევნო კი მარტის დასაწყისში უნდა გაემართოს. ეს კი 11-კვირიან შეფერხებას ნიშნავს, რომლის ამოვსებაც ასადის რეჟიმისთვის მარტივი არ იქნება. 

ნავთობის ბაზრის ანალიტიკოსების ცნობით, ამგვარად ირანი თავისი ნავთობის უფრო კონკურენტულ ბაზრებზე გატანას და მოგების გაზრდას ცდილობს - ირანული ნავთობის უმსხვილეს მყიდველად ჩინეთი მიიჩნევა, რომელიც ყოველდღიურად მილიონ ბარელ ნავთობს ყიდულობს. ამასთანავე, ჩინელები ნავთობის ფულს წინასწარ იხდიან. 

ვითარება კიდევ უფრო რთულდება ბაშარ ასადისთვის - რომელმაც ხელისუფლებაში დარჩენა ირანისა და რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების მიზეზით მოახერხა. ქვეყნის ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად სრულად არის განადგურებული, სირიის ეკონომიკა უცხოური დახმარების გარეშე ვერ ფუნქციონირებს. 

ასადის მთავრობაში იმედი ჰქონდათ, რომ ირანი და რუსეთი ქვეყნის რეკონსტრუქციის პროექტში ხელგაშლილი კონტრაქტების სანაცვლოდ ფინანსურად დაეხმარებოდნენ, თუმცა გასული თვეების განმავლობაში ორივე მოკავშირე სახელმწიფოში ვითარება მკვეთრად გაუარესდა. 

სირია თავადაც მოიპოვებს ნედლი ნავთობის გარკვეულ რაოდენობას, თუმცა ეს საწარმოები თურქეთის მოსაზღვრე რაიონებში მდებარეობს, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ეფექტურ წარმოებას და მიწოდებას. 

ანალიტიკოსების ვარაუდით ირანისა და რუსეთის დასუსტების ფონზე, ბაშარ ასადმა შესაძლოა დასახმარებლად სპარსეთის ყურის სანავთობო მონარქიებს მიმართოს, რომლებთანაც ურთიერთობები სამოქალაქო ომის წლებში მკვეთრად გაუარესდა. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები