WSJ: ისრაელზე თავდასხმის ორგანიზებაში ჰამასს ირანი დაეხმარა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი პირდაპირ მონაწილეობდა თავდასხმის მომზადებაში და შეტევის დაწყებაზე საბოლოო თანხმობა გასულ კვირას, ბეირუთში გამართულ შეხვედრაზე გაიცა.
ინფორმაციას ამის შესახებ ჰამასსა და ჰეზბოლაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნები აგვისტოდან მოყოლებული ჰამასთან ერთად მუშაობდნენ თავდასხმის გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებდა ისრაელის საზღვრის გარღვევას ზღვიდან, ხმელეთიდან და ჰაერიდან.
ოპერაციის დეტალები განიხილებოდა პერიოდულ შეხვედრებში, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ჰამასის, ასევე ჰეზბოლას წარმომადგენლები.
თავის მხრივ, ჰამასის ლიდერები ღიად ამბობენ, რომ ირანისგან სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას იღებენ, თუმცა ამბობენ, რომ თავდასხმის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ მათ მიიღეს.
თავდასხმის მომზადებაში მონაწილეობას უარყოფს ირანიც, თუმცა რიტორიკულად ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ მხარი დაუჭირა ჰამასს და "მთელი ისლამური სამყაროს სახელით მადლობა გადაუხადა სასიხარულო დღისთვის."
გამოცემის ცნობით, ირანის მხრიდან პროქსი მილიტარისტული დაჯგუფებების გაერთიანების და კოორდინირების ძალისხმევას გუშაგთა კორპუსის ყველაზე ელიტური დანაყოფის, ალ-ყუდსის მეთაური, ისმაილ ქააანი ხელმძღვანელობს.
ამ თანამდებობაზე ქაანიმ 2020 წლის იანვარში ბაღდადში მოკლული ყასემ სოლეიმანი ჩაანაცვლა - ჯერ კიდევ აპრილში ქაანის ინიციატივით ლიბანში ირანთან დაკავშირებული ყველაზე პროქსი დაჯგუფების ლიდერი შეიკრება, მათ შორის ჰამასის წარმომადგენლებიც. შედეგად ბოლო თვეებში ჰამასისა და ჰეზბოლას კოორდინაციამ უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია.
აღნიშნულ შეხვედრებს წყაროების ცნობით ესწრებოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც.