ყაზახეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში ყოფნის ვადებს ამცირებს

26 იანვრიდან ყაზახეთი უცხოელების ქვეყანაში უვიზოდ შესვლისა და ყოფნის წესებს ამკაცრებს. მთავრობის შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი აქტების ოფიციალურ პორტალზე 17 იანვარს გამოქვეყნდა.

ახალი წესების თანახმად, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნების, მათ შორის რუსეთის მოქალაქეები, 180 დღის განმავლობაში ყაზახეთში უვიზოდ დარჩენას 90 დღით შეძლებენ. იმ უცხოელებისთვის, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან მოგზაურობენ უვიზოდ, ეს პერიოდი 30 დღეა.

წესებში ის სიახლეა, რომ უცხოელი ვეღარ შეძლებს ყაზახეთში ყოფნის ვადის გახანგრძლივებას ქვეყნიდან გასვლით და მალევე უკან დაბრუნებით.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ემიგრანტებს, რომლებიც ქვეყანაში იმყოფებიან და სურთ საზღვრის გადაკვეთით ყოფნის ვადის "განახლება", ამის გაკეთება 27 იანვრამდე შეუძლიათ. ყაზახეთში ხანგრძლივი ყოფნისთვის უცხოელმა დროებითი ბინადრობის ნებართვა ჩამოსვლის მიზნის მითითებით უნდა მიიღოს.

გასული წლის სექტემბერში, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, უკრაინაში ომში გაგზავნის თავიდან ასაცილებლად, რუსი მამაკაცების დიდი ნაწილი ყაზახეთში გაემგზავრა.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სამსახურის მონაცემებით, სექტემბერში ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის 406 000 მოქალაქე შევიდა, მათი უმეტესობა 21-დან 30 სექტემბრამდე. თუ მანამდე საზღვარს დღეში საშუალოდ 8-9 ათასი რუსი კვეთდა, სექტემბრის ბოლოს რუსეთის ფედერაციიდან საშუალო დღიური შემოდინება 30 ათას ადამიანს აღწევდა.

ოქტომბერში რუსეთიდან მიგრაციული ნაკადი დასტაბილურდა და წლის ბოლოს დღეში 6-7 ათას ადამიანს არ აღემატებოდა.

მსგავსი სიახლეები