ყაზახეთის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

 

ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ ჟომარტ ტოკაევის განკარგულებით დედაქალაქ ნურ-სულთანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამგვარად ქვეყნის უკვე 5 რაიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 

ყაზახეთის იმ რეგიონებში სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები: 

  • კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე; 
  • იზღუდება სხვადასხვა ტიპის სამოქალაქო თავისუფლებები;
  • აკრძალულია მშვიდობიანი შეკრება და მანიფესტაციები და გაფიცვები; 

ამ დროისთვის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 19 იანვრამდე. 5 იანვრის დილას პრეზიდენტმა ტოკაევმა, მთავრობის გადადგომა მიიღო, თუმცა საპროტესტო დემონსტრაციები მაინც გაგრძელდა. 

დილიდანვე შეტაკებები განახლდა ქვეყნის უმსხვილეს ქალაქ ალმათიში, სადაც დემონსტრანტები საქალაქო ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. მალევე ხანძარი გაჩნდა გენერალური პროკურატურის შენობაში. 

დემონსტრანტები შეეცადნენ ქალაქ აქტობეს ადმინისტრაციის დაკავებას. ქალაქი დასავლეთ ყაზახეთში მდებარეობს და ქვეყნის უმსხვილეს ინდუსტრიულ ცენტრს წარმოადგენს. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს ხმოვანი ყუმბარები. 

პერიოდულად მღელვარების სხვადასხვა წერტილიდან ვრცელდება ცნობები, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტების მხარეს გადადიან. აღნიშნულ ცნობებს არ ადასტურებენ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

რა გახდა საპროტესტო აქციების მიზეზი?

პირველი იანვრიდან ყაზახეთში გაიზარდა საავტომობილო გაზის ფასი - მთავრობის გადაწყვეტილებით 1 ლიტრი საწვავი გაზის ფასი 60 ტენგედან 120 ტენგემდე გაიზარდა. მალევე დასავლეთ ყაზახეთის დიდ ქალაქებში აქთაუსა და ჟანაოზენეში დაიწყო საპროტესტო აქციები. 

მოგვიანებით საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში, მათ შორის ალმათიში, კარაგანდაში, ურალსკში, ატირაუში, ტალდიკორგანში, კიზილროდში, შიმკენტსა და დედაქალაქ ნურ-სულთანში. 

საპროტესტო აქციების დაწყებიდან მალევე პრეზიდენტმა ტოკაევმა ფასების შემაკავებელი კომისიის შექმნის შესახებ განაცხადა და თქვა, რომ ჟანაოზენეში საავტომობილო გაზის ფასი 50 ტენგემდე დაიწევდა, თუმცა საპროტესტო აქციები მაინც არ შეწყვეტილა - ამ დროისთვის დემონსტრანტებს უკვე პოლიტიკური მოთხოვნები ჰქონდათ და მთავრობიდს გადადგომას ითხოვდნენ. 

განსაკუთრებით დაძაბული იყო ვითარება ქვეყნის უმსხვილეს ქალაქ ალმათიში სადაც დემონსტრანტებსა და პოლიცილებს შორის მთელი ღამის განმავლობაში შეტაკებები მიმდინარეობდა. მოგვიანებით პრეზიდენტი ალმათისა და მანგისაუტსკის რაიონში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა. 

5-19 იანვრამდე ქვეყნის ამ ნაწილში იმოქმედებს მკაცრი შეზღუდვები შესვლასა და გამოსვლაზე, აკრძალულია მშვიდობიანი მანიფესტაციები და გაფიცვები, დროებით აკრძალულია ცეცხლასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების გაყიდვა. 

 

მსგავსი სიახლეები