ყაზახეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გათიშეს
ყაზახეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გაითიშა. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტის სამეთვალყურეო საერთაშორისო ორგანიზაცია NetBlocks ავრცელებს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ინტერნეტთან პრობლემები ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო, ხოლო დღის მეორე ნახევარში, ეს ხარვეზები სრულმასშტაბიან გათიშვაში გადაიზარდა.
მოსალონდელია, რომ ინტერნეტის გათიშვა გაართულებს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქების პროცესს.
ყაზახეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ქვეყნის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.
პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად ყოფილი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ალიხან სმაილოვი დანიშნა. სამთავრობო კაბინეტის სხვა წევრები, საქმიანობის ახალი მთავრობის დამტკიცებამდე გააგრძელებენ.
მთავრობის გადაყენებას შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში 4 იანვრის ღამით გავრცელდა. თავის გამოსვლაში, პრეზიდენტმა ტოკაევმა შექმნილ ვითარებაში მთავრობა და განსაკუთრებით ენერგეტიკის მინისტრი დაადანაშაულა. მისი თქმით, მთავრობა ვერ გაუმკლავდა ერთ-ერთ უმნიშნაველოვანეს მიზანს, რაც ინფლაციის შეკავებაში მდგომარეობდა.
ტოკაევმა ცვლილებები განახორციელა, ყაზახეთის უსაფრთხოების საბჭოშიც, სადაც მდივნის თანამდებობაზე თავისი თანაშემწე ერლან კარინი დანიშნა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ დროისთვის ქვეყანაში სიმშვიდეა და საპროტესტო აქცია აღარ მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დაკავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.
რა გახდა საპროტესტო აქციების მიზეზი?
პირველი იანვრიდან ყაზახეთში გაიზარდა საავტომობილო გაზის ფასი - მთავრობის გადაწყვეტილებით 1 ლიტრი საწვავი გაზის ფასი 60 ტენგედან 120 ტენგემდე გაიზარდა. მალევე დასავლეთ ყაზახეთის დიდ ქალაქებში აქთაუსა და ჟანაოზენეში დაიწყო საპროტესტო აქციები.
მოგვიანებით საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში, მათ შორის ალმათიში, კარაგანდაში, ურალსკში, ატირაუში, ტალდიკორგანში, კიზილროდში, შიმკენტსა და დედაქალაქ ნურ-სულთანში.
საპროტესტო აქციების დაწყებიდან მალევე პრეზიდენტმა ტოკაევმა ფასების შემაკავებელი კომისიის შექმნის შესახებ განაცხადა და თქვა, რომ ჟანაოზენეში საავტომობილო გაზის ფასი 50 ტენგემდე დაიწევდა, თუმცა საპროტესტო აქციები მაინც არ შეწყვეტილა - ამ დროისთვის დემონსტრანტებს უკვე პოლიტიკური მოთხოვნები ჰქონდათ და მთავრობიდს გადადგომას ითხოვდნენ.
განსაკუთრებით დაძაბული იყო ვითარება ქვეყნის უმსხვილეს ქალაქ ალმათიში სადაც დემონსტრანტებსა და პოლიცილებს შორის მთელი ღამის განმავლობაში შეტაკებები მიმდინარეობდა. მოგვიანებით პრეზიდენტი ალმათისა და მანგისაუტსკის რაიონში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა.
5-19 იანვრამდე ქვეყნის ამ ნაწილში იმოქმედებს მკაცრი შეზღუდვები შესვლასა და გამოსვლაზე, აკრძალულია მშვიდობიანი მანიფესტაციები და გაფიცვები, დროებით აკრძალულია ცეცხლასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების გაყიდვა.