ყაზახეთში 'ნაზარბაევის დღის' სახელმწიფო დღესასწაულების სიიდან ამოღებას გეგმავენ
მეჯლისის დეპუტატების ჯგუფი გამოდის წინადადებით 'ნაზარბაევის დღე' სახელმწიფო დღესასწაულების სიიდან ამოიღონ. დღესასწაული პირველ დეკემბერს აღინიშნება.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Vlast.kz ავრცელებს.
კანონპროექტის ავტორი მეჯლისის სოციალური და კულტურული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ჯამილა ნურმამბეტოვაა. კანონპროექტს კენჭს დღეს უყრიან.
ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ანუ ნურსულთან ნაზარბაევის დღე ყოველწლიურად პირველ დეკემბერს აღინიშნება და სახელმწიფო დღესასწაულის სტატუსს ატარებს და უქმე დღედ არის გამოცხადებული.
ამ დღეს სახელმწიფო დღესასწაულის სტატუსი 2011 წლის 14 დეკემბერს მიენიჭა.
რამდენიმე დღის წინ მეჯლისის დეპუტატები გამოვიდნენ წინადადებით ქვეყნის დედაქალაქს დაუბრუნონ ძველი სახელწოდება.