ზელენსკი: ეს არის რუსეთის დარტყმა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე, საჭიროა მოქმედება
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთის რაკეტების შესაძლო ჩამოვარდნას გამოეხმაურა.
მისი თქმით, პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტები ნამდვილად რუსულია.
"ტერორისტს ადგილი უნდა მივუჩინოთ. რაც უფრო მეტად გრძნობს რუსეთი დაუსჯელობას, მით მეტი საფრთხე შეექმნებათ იმათ, ვისაც რუსული რაკეტები სწვდება. ეს არის რუსეთის სარაკეტო დარტყმა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე. ეს ძალიან არსებითი ესკალაციაა. საჭიროა მოქმედება", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კონტექსტი
რუსეთის მიერ უკრაინისთვის ნასროლი ასამდე რაკეტიდან 2 პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში ჩამოვარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post ავრცელებს. ცნობებს ადასტურებს პოლონური მედიაც.
პოლონური მედიის ინფორმაციით, რაკეტები მარცვლეულის საშრობ საწყობს დაეცა, რის შედეგადაც დაიღუპა ორი მოქალაქე. ადგილზე უკვე მუშაობენ სამართალდამცველები და სახანძრო სამსახური.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პრემიერმა მორავიეცკიმ უსაფრთხოების და თავდაცვის საგანგებო სხდომა მოიწვია. სავარაუდოა, რომ სხდომის მოწვევა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნას უკავშირდება.
ოდნავ განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს ქალაქ ლუბლინის რადიო, რომლის ინფორმაციითაც რაკეტები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საწყობს დაეცა.
თავის მხრივ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო 2020 წლის ოქტომბერში შეიქმნა და მისი პირველი მდივნის პოსტს მმართველი პარტიის ლიდერი, იაროსლავ კაჩინსკი იკავებს.
კაჩინსკისა და პრემიერ-მინისტრის გარდა საბჭოში შედიან სპეცსამსახურების კოორდინაციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და იუსტიიციის მინისტრი.