აშშ-მ უკრაინისთვის Mig-29-ების გადაცემა ჩინეთთან კონტაქტის შემდეგ გადაიფიქრა

უკრაინაში მიმდინარე ომის პირველ ფაზაში, როდესაც უკრაინისთვის Mig-29 ტიპის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემა განიხილებოდა, ჩინეთმა აშშ-ს შეთანხმების დაბლოკვა სთხოვა, სანაცვლოდ კი რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის შემცირებაზე მუშაობის პირობა დადო. 

ინფორმაციას ამის შესახებ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ბრიტანული გამოცემა SPECTATOR ავრცელებს

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე პოლონეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების გასაძლიერებლად ისინი მზად არიან მათ განკარგულებაში არსებული საბჭოთა წარმოების სამხედრო თვითმფრინავები გერმანიაში მდებარე ნატოს სამხედრო ბაზაზე გადაიყვანონ. 

თავიდან ამ იდეის მიმართ სკეპტიკურად არ იყვნენ განწყობილნი ვაშინგტონშიც, თუმცა მალევე პენტაგონის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იდეა ლოჯისტიკურ სირთულეებს შეიცავდა და ამგვარი ფორმით თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემას არაგონივრული უწოდეს. 

მალევე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემა ხელს შეუწყობდა კონფლიქტის ესკალაციას იმ ფონზე, როდესაც ეს თვითმფრინავები არსებითად ვერ აამაღლებდა უკრაინის არმიის ეფექტურობას. 

კონტექსტი

SPECTATOR-ის ცნობით, ამერიკულმა ადმინისტრაციამ აზრი ჩინეთის ხელისუფლებასთან არაფორმალური კონტაქტის შემდეგ შეიცვალა. როგორც მასალაშია ნათქვმია, თავდაპირველად ევროპელი ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების ინიცირებული კონტაქტი აშშ-სა და ჩინეთს შორის წარმატებული აღმოჩნდა. 

მხარეები შეთანმხდნენ, რომ აშშ დაბლოკავდა უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემას, ხოლო ჩინეთი გამოიყენებდა მის ხელთ არსებულ რესურსებს, რათა გაენეიტრალებინა რუსეთისგან მომავალი ბირთვული საფრთხე. 

ბირთვული ესკალაციის საშიშროება ომის პირველივე დღეებში დადგა, როდესაც ვლადიმირ პუტინმა რუსეთის სტრატეგიული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაზრდის ბრძანება გასცა. 

გამოცემის ცნობით, მალევე ჩინეთის სახალხო გათავისუფლების არმიის ხელმძღვანელობა მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა რუს კოლეგებთან და მოუწოდებნენ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც, რუსეთი თავისი ბირთვული სტრატეგიის დოქტრინის ფარგლებში დარჩენილიყო. დოქტრინის მიხედვით ატომური შეიარაღების გამოყენება მხოლოდ თავდაცვითი მოქმედებებისას არის დასაშვები.

"გეგმამ იმუშავა, ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომ თვითმფრინავების გადაცემით შორს შეტოპავდნენ",- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი წყარო. 

გამოცემის ცნობით, პეკინში იცოდნენ რომ რუსეთი უკრაინაში სამხედრო ოპერაციას ამზადებდა, თუმცა მათი ინფორმაციით ეს უნდა ყოფილიყო "შეზღუდული მასშტაბის სწრაფი სამხედრო ოპერაცია, რომლის მთავარი მიზანიც რუსეთის ისტორიული ტერიტორიის დაბრუნება იქნებოდა". 

მასალაში ნათქვამია, რომ 24 თებერვალს რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი ომის დაწყება ჩინეთისთვის უსიამოვნო მოულოდენლობა იყო. ჩინეთის განსაკუთრებული ყურადღება 27 თებერვალს განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია - სწორედ ამ დღეს გამოაცხადა ვლადიმირ პუტინმა ბირთვული ძალების გაზრდილი მზადყოფნის შესახებ. 

გამოცემის ინფორმაციით, ამ დროიდან მოყოლებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავარი საზრუნავი მიმდინარე კონფლიქტში ბირთვული ესკალაციის საფრთხის განეიტრალება და ცეცხლის შეწყვეტა გახდა. 

ავტორს ამგვარი შეთანხმების დამადასტურებლად მოჰყავს ის ფაქტი, რომ გაზრდილი სამხედრო დახმარების მიუხედავად, დასავლეთი კვლავ უარს ამბობს უკრაინისთვის შემტევი ვერტმფრენების, ტანკებისა და შორი რადიუსის რაკეტების გადაცემაზე. 

SPECTATOR-ის მასალაში ნათქვამია, რომ სექტემბრის დასაწყისში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ნატოს ხელმძღვანელობას შორის შემდგარ შეხვადრაზე, ვან იმ პირობა მისცა დასავლელ პარტნიორებს, რომ "პეკინი გამოიყენებდა მის ხელთ არსებულ გავლენას რუსეთზე ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის შესამცირებლად.

თავის მხრივ ნატოს წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას არ გადასცემდნენ სტრატეგიული სახის შეიარაღებას. 

მასალაში ნათქვამია, რომ სამხედრო ექსპერტების აზრით საბჭოთა თვითმფრინავების გადაცემა ვერ შეცვლიდა სურათს ბრძოლის ველზე - აღნიშნული სამხედრო თვითმფრინავები 1980-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში აღმოსავლეთ გერმანიისთვის დამზადდა, ხოლო პოლონეთს 2000-იანი წლების დასაწყისში სიმბოლურ ფასად გადაეცა. 

 

მსგავსი სიახლეები