აშშ მხარს დაუჭერს ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების მოხსნას
აშშ მხარს დაუჭერს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე პატენტის მოხსნას. ვარაუდობენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ვაქცინაციის გლობალურად დაჩქარებას.
გადაწყვეტილების მომხრეების აზრით, ვაქცინაზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების მოხსნა გაცილებით სწრაფად შეავსებს იმ დანაკლისს, რომელსაც ვაქცინების თვალსაზრისით განვითარებადი ქვეყნები განიცდიან.
ამ პროცესს Tech Transfer ეწოდება - ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ვაქცინის მწარმოებელი ქვეყნები ან კერძო კომპანიები კომერციულ საიდუმლოდ კი არ ინახავენ ვაქცინის დამზადების ტექნოლოგიასა და შემადგენლობას, არამედ სხვა მწარმოებლებსა და ქვეყნებს აწვდიან ვაქცინის "რეცეპტს".
ინტელექტუალური საკუთრების გამზიარებელმა კომპანიებმა და ქვეყნებმა ასევე უნდა გააზიარონ ტექნიკური ცოდნა ვაქცინების წარმოების პროცესის შესახებ და თუ საჭიროა პროფესიული კადრებიც.
მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს, სავარაუდოდ, პროცესი კიდევ დიდ ხანს გაიწელება, რადგანაც პატენტის საკითხი საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში უნდა განიხილონ, რომელიც გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე იღებს.
თუმცა, ამავე დროს, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ პანდემიის სწრაფად დასამარცხებლად ეს საკმარისი არ იქნება - ვაქცინების წარმოების გაზრდისა და სწრაფი დისტრიბუციის ქსელის აწყობის გარეშე, ეს პრობლემა ვერ მოგვარდება.