axios: ბაიდენის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ ისრაელი ჰეზბოლასთან ომს უახლოვდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ ისრაელი ჰეზბოლასთან ომის ზღვარს უახლოვდება და მიიჩნევენ, ასეთ შემთხვევაში ირანის პირდაპირი ჩართულობის რისკი მაღალია. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Axios ავრცელებს

გამოცემის წყაროების ცნობით, ირანის პირდაპირი ჩართულობის გაზრდილი რისკის შესახებ ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელის მთავრობას უკვე აცნობა. 

ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე, რომელსაც ირანის მარიონეტული ჰეზბოლა აკონტროლებს ვითარება 7 ოქტომბრის შემდეგ დაიძაბა. ამ დროიდან მოყოლებული მხარეები პერიოდულად იყენებენ სხვადასხვა შეიარაღებას, როგორც საარტილერიო, ასევე უპილოტო საფრენ აპარატებს და რაკეტებს. 

სროლების ინტენსივობა განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო კვირებში. ისრაელის არმიის ხელმძღვანელობაში მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვარზე ვითარება კრიტიკულ წერტილს უახლოვდება. ამ ფონზე ისრაელის ომის კაბინეტში სულ უფრო აქტიურად ისმის მოწოდებები ჰეზბოლას წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების აუცილებლობის შესახებ. 

ვითარების დიპლომატიურ ჭრილში დარეგულირებას ცდილობს აშშ და საფრანგეთი, თუმცა მათი მცდელობები ჯერჯერობით წარუმატებელია. ისრაელსა და ჰეზბოლას შორის მასშტაბური ომის თავიდან აცილება ღაზაში ომის დაწყების შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თეთრ სალხში მიიჩნევენ, რომ ვითარების სტაბილიზაცია ლიბან-ისრაელის საზღვარზე ღაზაში საომარი მოქმედებების ხანგრძლივი პაუზის გარეშე შეუძლებელია. 

Axios-ის წყაროების ცნობით, ამერიკელი კოლეგები აფრთხილებენ ისრაელის მაღალჩინოსნებს, რომ ჰეზბოლასთან მცირე ან ლიმიტირებული ომის ოფცია არ არის რეალისტური და მოსალოდნელია, რომ დაპირისპირებაში ირანი უშუალოდ ჩაერთვება. 

ამერიკელთა აზრით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისრაელი ლიბანის ტერიტორიაზე მხოლოდ მოსაზღვრე ტერიტორიებზე დაიწყებს სახმელეთო ოპერაციას კონფლიქტის გაფართოების მაღალი რისკი არსებობს. ამავე წყაროების ცნობით, არსებობს რისკი, რომ საომარი მოქმედებების ლიბანის ტერიტორიაზე გადმოტანის შემთხვევაში ქვეყანაში ირანის მიერ კონტროლირებადი დაჯგუფებების ათასობით მებრძოლი ჩავა, სირიიდან, იემენიდან, ერაყიდან. 

კონტექსტი 

ლიბანის მოსაზღვრე ტერიტორიებზე ისრაელი მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია ჰამასის თავდასხმიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა. ამ დრომდე ევაკუაციაში რჩება 60 ათასამდე მოქალაქე. 

ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ადგილი ჰქონდა დრონებისა და სარაკეტო შეტევებს. ჰეზბოლას მიერ განხორციელებულ დაბომბვებს უჩვეულოდ ცხელი ამინდის ფონზე ტყის ხანძარი მოჰყვა, რომელსაც ისრაელის სამაშველო სამსახური 48 საათის განმავლობაში აქრობდა. 

"ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით და გონივრულად სანამ ჩრდილოეთში უსაფრთხო გარემო არ დაისადგურებს. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა" - განაცხადა ცოტა ხნის წინ ისრაელის თავდაცვის ძალების ჩრდილოეთ მიმართულების სარდალმა, გენერალმა ორი გორდინმა.

ჩრდილოეთში მზარდი დაძაბულობა იყო ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის საგანგებო სხდომის მიზეზი 4 ივნისს. 

ისრაელის არმიის ხელმძღვანელობაში ამბობენ, რომ ბოლო კვირებში გაიზარდა ჰეზბოლას მხრიდან განხორციელებული დრონების წარმატებული თავდასხმების რიცხვი. მზარდ პრობლემას წარმოადგენს დაჯგუფების მიერ ნასროლი ბურქანის ტიპის რაკეტები, რომლებიც აზიანებენ ისრაელის სამხედრო ბაზებს. 

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის საგანგებო სხდომას საომარი მოქმედებების მასშტაბის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია, თუმცა არმიის მიერ წარდგენილი რამდენიმე ვარიანტი განიხილეს. 

ერთ-ერთი სცენარი, ლიბანის ტერიტორიაზე ლიმიტირებულ სახმელეთო ოპერაციას გულისხმობს, რომლის მიზანიც ჰეზბოლას ელიტური დანაყოფის რადვანის საზღვრის მიმდიბარე ტერიტორიიდან უკან ჩაწევაა. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები