აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთს ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს. 

ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

"მოვუწოდებთ სომხეთს თავი შეიკავონ დესქტრუქციული ქმედებებისგან და დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული ჰუმანიტარული შეთანხმება", - ნათქვამია შეტყობინებაში.

გარდა ამისა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი მზად არის ცალმხრივ რეჟიმში სომხურ მხარეს გადასცეს სომეხი სამხედროების ცხედრები. 

ცოტა ხნის წინ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ შეტაკებების შედეგად უკვე დაღუპულია სომხეთის 105 მოქალაქე. 

ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანი სომხეთის გარკვეულ სუვერენულ ტერიტორიებზე დაამყარა კონტროლი. სომხეთის პრემიერის თქმით, მათ უკვე მიმართეს სამხედრო დახმარების თხოვნით კოლექტიური თავდაცვის შესახებ შეთანხმების ორგანიზაციას. 

კონტექსტი 

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ესკალაციის ახალი ფაზა 13 სექტემბერს ღამით დაიწყო. თავის პირველ განცხადებაში სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობდა, რომ აზერბაიჯანის არმიამ იერიში საზღვრისპირა რაიონებში არტილერიისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით დაიწყო. 

სომხური მხარის ინფორმაციით, იერიში უშუალოდ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მიმართულებით მიმდინარეობდა. მათ შორის შეტევები მიმდინარეობდა ქალაქების ჯერმუკის, სოტკის და გორისის მიმართულებით. 

თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ შეტევები სომხეთის მხრიდან სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ მოწყობილი მასშტაბური დივერსიული აქტის პასუხი იყო. 

13 სექტემბრის დილით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მათი შუამდგომლობით მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა მცირე შესვენების შემდეგ შეტაკებები ისევ განახლდა.  

მსგავსი სიახლეები