ბერბოკი: Nord Stream 2 არ უნდა ამოქმედდეს

 

"გერმანიამ Nord Stream 2-ს რეგულატორის თანხმობა არ უნდა მისცეს და რუსეთს ბუნებრივი აირის ფასებით "შანტაჟში" ხელი უნდა შეუშალოს", - თქვა გერმანელი მწვანეების ლიდერმა ანალენა ბერბოკმა გერმანულ გამოცემა Funke-სათან ინტერვიუში.

ბერბოკმა აღნიშნა ისიც, რომ რუსეთი "პოკერს თამაშობს" და ნაწილობრივ ის არის პასუხისმგებელი ევროპაში ბუნებრივი აირის ფასის ზრდაზე:

"გაზის მიწოდება მნიშვნელოვნად შემცირდა."

მისივე თქმით, ამ მდგომარეობამდე რუსეთმა ევროპა განზრახ მიიყვანა, რათა Nord Stream 2-ს ექსპლუატაციაში შესვლა დაჩქარებულიყო. 

ანალენა ბერბოკი თვლის, რომ Nord Stream 2-სთვის რეგულატორის თანხმობის მიცემა ევროპული კანონების საწინააღმდეგო იქნება. კომპანია Nord Stream 2, რომლის საკუთრებაშიც იქნება გაზსადენი, რუსულ სახელმწიფო კომპანია Gazprom-ს ეკუთვნის, რაც ბუნებრივი აირის შესახებ ევროდირექტივას ეწინააღმდეგება. 

ბერბოკი და მწვანეთა პარტია ამჟამად გერმანელ სოციალ-დემოკრატებთან და თავისუფალ დემოკრატებთან კოალიციურ მოლაპარაკებებში არიან ჩართული. კანცლერობის მთავარი კანდიდატი ოლაფ შოლცი და მისი სოციალ-დემოკრატიული პარტია გაზსადენს მხარს უჭერს.  

გერმანიაში რუსეთის ელჩმა სერგეი ნეტშაევმა განაცხადა, რომ "პროექტის დასრულება გერმანიის ეკონომიკის და მოსახლეობის ინტერესებშია და ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიას იძლევა."

"Nord Stream 2 ყველასთვის კარგია", - განმარტა ნეტშტაევმა.

 

 

მსგავსი სიახლეები