BioNTech: ახალ შტამებთან საბრძოლველად გაისად უფრო ეფექტიანი ვაქცინა დაგვჭირდება
კომპანია BioNTech-ის ხელძღვანელი უგურ შაჰინი (Ugur Sahin), რომლის სახელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის შექმნაა დაკავშირებული, აცხადებს, რომ მომავალ წელს ვირუსის ახალი შტამების მიმართ უფრო ეფექტიანი ვაქცინის შექმნა გახდება საჭირო.
გამოცემა Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შაჰინი ამბობს, რომ დღეს არსებული შტამების მიმართ ვაქცინა მეტწილად ეფექტიანია, თუმცა გაისად წლის მეორე ნახევარში „ვითარება შეიძლება შეიცვალოს“.
გერმანელი მეცნიერის განცხადებით ე. წ. დელტა შტამი კორონავირუსის აქამდე არსებულ ვარიანტებზე უფრო გადამდებია, თუმცა ვაქცინის ახლანდელი ფორმულის მიმართ რეზისტენტული არ არის.
შაჰინის თქმით, ვაქცინის ე. წ. „ბუსტერ“ ანუ დამატებითი დოზით აცრა ორგანიზმს არსებულ შტამებთან წარმატებით გამკლავების გარანტიას აძლევს. „მიუხედავად ამისა, ვირუსი მუტაციას კვლავ განიცდის. უნდა ვივარაუდოთ, რომ ვირუსის მომავალი შტამები ახლანდელზე მეტად რეზისტენტული იქნება. ეს [მუტაცია] განგრძობითი პროცესია და ვირუსმა ევოლუცია სულ ახლახან დაიწყო“, - ვკითხულობთ ინტერვიუში.
აშშ, ისევე როგორც ევროპის მრავალი ქვეყანა, უკვე დიდი ხანია განიხილავს უკვე აცრილი მოსახლეობისთვის ვაქცინის დამატებითი დოზებით აცრის შეთავაზებას.