ბლინკენი: აფრიკის ქვეყნებს აშშ-ს და ჩინეთს შორის არჩევანის გაკეთებას არ მოვთხოვთ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩავიდა.

ბლინკენმა აფრიკის ქვეყნების მიმართ ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგიაზე ისაუბრა.

„აშშ აფრიკას არ უკარნახებს, რა არჩევანი უნდა გააკეთოს მან. მაგრამ არც სხვამ არ უნდა უკარნახოს“, - განაცხადა ბლინკენმა სამხრეთ აფრიკელ კოლეგასთან შეხვედრისას.

ამერიკას და ჩინეთს შორის ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ დაძაბულობაზე შეშფოთება გამოთქვა სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„ეს მსოფლიოს ორი ყველაზე დიდი ეკონომიკაა. მათ ისეთი გზა უნდა გამონახონ, რაც ჩვენ ზრდის საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა ნალედი პანდორმა.

ბლინკენი აფრიკულ ტურნეს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდაში გააგრძელებს, სადაც ის ორ ქვეყანას შორის შუამავლობას შეეცდება.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიიჩნევენ, რომ რუანდელები კონგოს რესურსებით მდიდარ რეგიონში აჯანყებულთა დაჯგუფებას ეხმარებიან.

დეკემბერში აშშ-ს პრეზიდენტი აფრიკის ლიდერების სამიტს უმასპინძლებს.


აფრიკის მრავალი ქვეყანა რუსეთ-უკრაინის ომში ანტი-რუსული პოზიციის დაჭერისგან თავს იკავებს.

სამხრეთ აფრიკამ, აფრიკის 16 სხვა ქვეყანასთან ერთად, უკრაინაში რუსეთის ომის დამგმობი რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა.

აშშ-ს და რუსეთის გარდა აფრიკის კონტინენტზე საფრანგეთის ლიდერიც ჩავიდა. ემანუელ მაკრონი კამერუნს, ბენინს და გვინეა-ბისაუს ეწვია.

მსგავსი სიახლეები