ბოსტონის მერიამ 800 აუცრელი თანამშრომელი დროებით გაათავისუფლა

ბოსტონის მერიის 800 თანამშრომელი სამსახურიდან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, რადგან ისინი არც სავალდებულო ვაქცინაციას და არც რეგულარული ტესტირების წესს არ დაემორჩილნენ.

ქალაქის მერმა კიმ ჯენეიმ განაცხადა, რომ აგვისტოში ქალაქის ხელისუფლებამ 18 000 თანამშრომელი გააფრთხილა, რომ აცრა ან რეგულარული ტესტირება სავალდებულო ხდებოდა. სამშაბათს ამის გაკეთების ბოლო ვადა იყო.

ქალაქის მერს არ დაუკონკრეტებია რომელი დეპარტამენტის თანამშრომლები გაათავისუფლეს დროებით.

სამშაბათს მიღებული ზომა სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულების 4%-ს შეეხო. მერის ადმინისტრაციის თქმით, მათ სამუშაო ძალის დეფიციტისთვის შესაბამისი გეგმა აქვთ.

დროებით გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში დაბრუნებას აცრის ან ნეგატიური ტესტის პასუხის წარდგენის შემდეგ შეძლებენ.

 

 

  

მსგავსი სიახლეები