ბრიტანულმა სასამართლომ ამერიკაში ექსტრადიციაზე ასანჟის აპელაცია არ დააკმაყოფილა

დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელაციის მოთხოვნა ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის გადასინჯვის შესახებ.

ავსტრალიელ აქტივისტს, რომელიც ინტერნეტ-პლატფორმა Wikileaks-ის დამფუძნებელია, აშშ-ში ჯაშუშობის მუხლით ექსტრადიცია ემუქრება.

ამერიკელი სამართალდამცავები ასანჟს ერაყში და ავღანეთში აშშ-ს ინტერვენციის შესახებ საიდუმლო დოკუმენტების გამჟღავნებაში სდებენ ბრალს.  

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 175 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასანჟის ექსტრადიციის შეასხებ საბოლოო გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელმა უნდა მიიღოს.

Wikileaks-ის დამფუძნებლის ადვოკატები აცხადებენ, რომ ფსიქიკური პრობლემების გამო ასანჟმა ამერიკულ საპყრობილეში შესაძლოა თვითმკვლელობა სცადოს.

ასანჟი 2012-2019 წლებში ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებდა თავს.

მას შემდეგ, რაც ეკვადორმა ასანჟს მოქალაქეობა ჩამოართვა, ასანჟი საელჩოდან გამოაძევეს და იგი ლონდონის პოლიციამ დააპატიმრა.

მსგავსი სიახლეები