ბერბოკი: ტაივანზე შეიარაღებული კონფლიქტი კოშმარი იქნება
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ჩინეთი ტაივანთან შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ გააფრთხილა და აღნიშნა, რომ ეს "კოშმარი" იქნება.
"დესტაბილიზაციას ექნება შედეგები ყველა ქვეყნისთვის, მსოფლიო ეკონომიკისთვის და გერმანიისთვის", - თქვა მან ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.
ბერბოკმა გაიხსენა, რომ გლობალური სავაჭრო ტრაფიკის ნახევარი ტაივანის სრუტეზე გადის, ამიტომ "ამ ეკონომიკური კრიზისის ფეთქებადი ტალღები" გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე, მათ შორის თავად ჩინეთზეც.
"კონფლიქტები უნდა გადაწყდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა "ერთი ჩინეთის" პოლიტიკისადმი გერმანიის ერთგულება, რომლის მიხედვითაც პეკინი აღიარებულია ჩინეთის ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობად და ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება მიუღებელია. ამავე დროს, ბერბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპისთვის მიუღებელია არსებული სტატუს კვოს ძალადობრივი ცვლილება.
მან ასევე ჩინეთი ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, მათ შორის სინძიანში უიღური მუსლიმების ჩაგვრისთვის, გააკრიტიკა.
თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცინ განგმა ტაივანში ნებისმიერი უცხოური ჩარევის დაუშვებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია.
"თუ სხვა ქვეყნები ნამდვილად პატივს სცემენ ერთი ჩინეთის პრინციპს, მაშინ მათ უნდა უარყონ ტაივანის სეპარატისტული ქმედებები. პრობლემის საფუძველი არის ტაივანის დამოუკიდებლობის სურვილი, მაგრამ ჩინეთი არ დათმობს თავის ტერიტორიის არც ერთ სანტიმეტრს", - თქვა მან.