კვლევა: 50 წელზე უფროს ადამიანებს ბუსტერი ომიკრონისგან 95%-ით იცავს
ბრიტანეთში ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ბუსტერით აცრილ 50 წელზე უფროს ადამიანებს, კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტისგან 95%-იანი დაცულობა აქვთ. ამას ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს კვლევაში ვკითხულობთ.
გამოქვეყნებული მონაცემებით, ორი დოზით აცრილი ამ ასაკობრივი ჯგუფის ადამიანები ომიკრონისგან 65%-ით არიან დაცული, ბუსტერი კი დაცვის ხარისხს 95%-მდე ზრდის.
გარდა ამისა, ბუსტერი ჰოსპიტალიზაციის პრევენციას 90%-ით ახერხებს.
ჯანდაცვის ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ სწრაფად გავრცელებადი ომიკრონ ვარიანტი პანდემიის დასრულების ნიშანი შეიძლება იყოს.
წინა კვირაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეისუსმა განაცხადა, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდას სიკვდილიანობის ასეთივე ზრდა არ მოჰყვა.