ჩავუშოღლუ: შვედეთმა და ფინეთმა მეტი უნდა გააკეთონ ნატოში გასაწევრიანებლად
"შვედეთმა და ფინეთმა მიაღწიეს პროგრესს ნატოში გაწევრიანების გზაზე თურქეთის თანხმობის მიღებაში, მაგრამ მათ მეტი უნდა გააკეთონ" - ამის შესახებ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს 29 ნოემბერს, ბუქარესტში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ფორუმზე განუცხადა.
მისი თქმით, არის "გარკვეული პრობლემები" და მიუხედავად იმისა, რომ მათი მოგვარების კუთხით "გარკვეული პროგრესი" მიღწეულია, ეს ამ დროისთვის საკმარისი არ არის.
ორივე სკანდინავიურმა ქვეყანამ, ნატოში გაწევრიანების განაცხადი მაისში შეიტანეს, თუმცა ინტეგრაციის პროცესში, მთავარ გამოწვევად, თურქეთის თანხმობის მიღება გახდა.
თავდაპირველად, პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი არ დაეთანხმებოდა მათ განაცხადა, რადგან შვედეთს და ფინეთს "არ აქვთ მკაფიო და ცალსახა პოზიცია ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით". (იგულისხმება ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK) - რედ.)
მოგვიანებით, თურქეთის მთავრობამ პოზიციები შეცვალა. თუმცა, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება ნატოს 28 წევრმა მოახდინა. თურქეთის გარდა, წინააღმდეგი იყო უნგრეთიც.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა 29 ნოემბერს განაცხადა, რომ უნგრეთის პარლამენტი მომავალ წელს დაამტკიცებს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას.