ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს ცენტრალურ აზიაში "მშვიდობა უზრუნველყოს"
სი ძინფინგი 19 მაისს, ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ქალაქ სიანში ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც "C5 ჯგუფის პირველი სამიტი" უწოდეს, ჩინეთის ლიდერმა ცენტრალურ აზიაში "მშვიდობის უზრუნველყოფის" და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების "დაცვის გაძლიერების" მზადყოფნა გამოთქვა.
AFP-ს ცნობით, თავის გამოსვლაში სიმ ქვეყნებს მოუწოდა გაზარდონ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა "სამი ბოროტების" წინააღმდეგ, რომელშიც პეკინი მოიაზრებს სეპარატიზმს, ტერორიზმს და ექსტრემიზმს.
"ექვსი ქვეყანა მტკიცედ უნდა დაუპირისპირდეს საგარეო ჩარევას შიდა საქმეებში და "ფერადი რევოლუციების" განხორციელების მცდელობებს", - თქვა ჩინეთის ლიდერმა.
ასევე, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები ვაჭრობის, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ენერგეტიკის სფეროში. სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ პეკინი ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო მარშრუტების გაფართოებას გეგმავს და ამისთვის 26 მილიარდ იუანს (3.4 მილიარდი ევრო - რედ.) "ფინანსური მხარდაჭერისა" და "უფასო დახმარების" სახით გამოყოფს.
ჩინური მხარის მიერ მოყვანილი ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობამ 70 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2023 წლის პირველ კვარტალში 22%-ით გაიზარდა.