ჩინეთი: ტაივანის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში ომი გარდაუვალია
ჩინეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ტაივანის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში შეიარაღებული დაპირისპირება გარდაუვალი იქნება.
ამის შესახებ ვეი ფენგჰემ ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც აზიის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში სინგაპურში გაიმართა.
ეს აშშ-ს და ჩინეთის თავდაცვის მოქმედ მინისტრებს შორის პირველი შეხვედრა იყო.
ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ტაივანის ჩამოშორების ნებისმიერი მცდელობა მათ მხოლოდ ერთ არჩევანს დაუტოვებს - "იბრძოლონ ნებისმიერ ფასად რათა ნებისმიერ ფასად აღკვეთოს ტაივანის დამოუკიდებლობა და დაიცვას ჩინეთის ეროვნული სუვერენიტეტი".
თავის მხრივ აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა მადესტაბილიზირებელი უწოდა ჩინეთის სამხედრო აქტივობას კუნძულის გარშემო. ლოიდ ოსტინმა ხაზი გაუსვა ჩინეთის სამხედრო ავიაციის განსაკუთრებულ აქტივობას, რაც მისი თქმით "ძირს უთხრის სტაბილურობას რეგიონში".
ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ რეგიონში არსებული სტატუს-ქვოს შენარჩუნების მომხრეა და არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ოსტინის თქმით, საკითხი შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესის მეშვეობით გადაწყდეს.
თავის მხრივ ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა უკმაყოფილება გამოთქვა აშშ-ს მიერ ტაივანისთვის მიწოდებული შეიარაღების გამოც.
ორივე მხარემ განაცხადა, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო და აუცილებელია ღია საკომუნიკაციო ხაზების შენარჩუნება.
ბოლო თვეების განმავლობაში ტაივანის ირგვლივ ვითარება გამუდმებით იძაბება. ტაივანში აშშ-ს კონგრესის დელაგაციის ვიზიტის შემდეგ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის არმიამ კუნძულთან ახლოს მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები ჩაატარა.
რამდენჯერმე დაფიქსირდა ტაივანის საჰაერო სივრცის დარღვევაც. კუნძულის ირგვლივ იძაბება რიტორიკას - თავის აზიურ ტურნეში ყოფნისას პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმის შემთხვევაში აშშ ტაივანს სამხედრო კუთხით დაეხმარებოდა.
მოგვიანებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაიდენს საგანგებო განცხადებით უპასუხა, რომელშიც მოუწოდა ამერიკელ პრეზიდენტს წინ არ აღდგომოდა 1.4 მილიარდ ჩინელს.
ჩინეთი და ტაივანი - მოკლე გზამკვლევი
ჩინეთი და ტაივანი გასული საუკუნის 1940-იან წლებში სამოქალაქო ომის პერიოდში გაიყვნენ - მატერიკულ ჩინეთში კომუნისტური პარტიის გამარჯვების მიუხედავად ტაივანს დამარცხებული გენერალი ჩან კაიშის პარტია მართავდა.
ჩინეთი კუნძულს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მზად არის დაიბრუნოს კუნძული თუნდაც ძალის გამოყენებით.
ტაივანს აქვს თავისი კონსტიტუცია და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული მთავრობაც. ტაივანის განკარგულებაშია 300 ათასიანი კარგად შეიარაღებული და კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ძალები.
ქვეყნების აბსოლიტური უმრავლესობა ტაივანს არ აღიარებს, მთელი მსოფლიო კუნძულის წარმომადგენლად პეკინში მჯდომ მთავრობას მიიჩნევს.
ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს არც ამერიკის შეერთებული შტაბები. აშშ-ს ტაივანთან არ აქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობებიც, თუმცა მოქმედებს კანონი, რომელიც აშშ-ს ავალდებულებს ტაივანს თავდაცვაში დაეხმაროს.