დატყვევებულმა "ვაგნერელებმა" მძიმე დანაკარგებზე ისაუბრეს
CNN-მა უკრაინის ტყვეობაში მყოფ ორ "ვაგნერელთან" ინტერვიუ გამოაქვეყნა. ისინი ყვებიან, როგორ აგზავნის "ვაგნერი" დაქირავებულებს ბრძოლაში.
ინტერვიუში ორი ნიღბიანი მამაკაცი საუბრობს.
როგორც კორესპონდენტი აღნიშნავს, ისინი ნებაყოფლობით პასუხობენ შეკითხვებს, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით მალავენ სახელსა და სახეს. უკრაინელებმა ისინი ფრონტის ხაზზე დაატყვევეს. ორივეს რეკრუტირება რუსულ ციხეში მოხდა, ერთ-ერთი მათგანი სასჯელს განზრახ მკვლელობისთვის იხდიდა. მისი თქმით, ბევრი პატიმარი დათანხმდა ომში წასვლას, ხანგრძლივი პატიმრობის შემცირების მიზნით.
პატიმრები "ვაგნერელთა" მრავალრიცხოვან მსხვერპლზე საუბრობენ.
"ვაგნერის" მებრძოლების საფლავები კრასნოდარის ოლქის სოფელ ბაკინსკაიას სასაფლაოზე, რუსეთი, 2023 წლის 22 იანვარი / Reuters
"ჩვენ 90 კაცი ვიყავით. 60 პირველი თავდასხმისას, ნაღმტყორცნების დაბომბვისას დაიღუპა", - ამბობს ერთ-ერთი მათგანი ბელოგოროვკასთან შეტევის შესახებ.
კიდევ ერთი დაქირავებული ლისიჩანსკზე შეტევაში მონაწილეობდა, რომელიც ხუთ დღეს გაგრძელდა: "ბრძანების გარეშე უკან დახევა არ შეგვეძლო, რადგან თუ ბრძანებას არ შევასრულებთ, მოგვკლავენ." მისი თქმით, ერთო პირმა მიიმალა და უარი თქვა ბრძანების შესრულებაზე, შემდეგ აიძულეს საკუთარი საფლავი გაეთხარა და დახვრიტეს.
"თუ ერთი ჯგუფი წარმატებას ვერ აღწევს, სასწრაფოდ მეორეს აგზავნიან. თუ მეორე ვერ ახერხებს, მესამე ჯგუფს აგზავნიან", - ამბობს ტყვე.
CNN-ის თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ "ვაგნერთან" კონტრაქტის გაფორმებისას ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ უკრაინის არმიამ ქვეყანა დატოვა: "ჩვენ გვეგონა, რომ ვიბრძოლებდით პოლონელებთან და სხვადასხვა დაქირავებულებთან, გერმანელებთან, არავის ეგონა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ნამდვილად იბრძოდნენ თავისი ქვეყნისთვის, თავისი ახლობლებისთვის, ეს მხოლოდ მას შემდეგ გავიგეთ, რაც აქ შემოვედით", - განაცხადა სამხედრო ტყვემ.