დე კლერკი, აპართეიდის რეჟიმის ბოლო პრეზიდენტი, გარდაიცვალა

 

ფრედერიკ დე კლერკი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის აპართეიდის რეჟიმის ბოლო პრეზიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დე კლერკის სახელობის ფონდმა გარდაცვალების მიზეზად სიმსივნე დაასახელა.

დე კლერკი სამხრეთ აფრიკაში წინააღმდეგობრივ ფიგურად ითვლებოდა.

მას ბრალს სდებდნენ შავკანიანი სამხრეთ აფრიკელების მიმართ დისკრიმინაციასა და აპართეიდის საწინააღმდეგო მოძრაობის წევრების დევნაში. თეთრკანიანი სამხრეთაფრიკელები კი დე კლერკის ნელსონ მანდელასთან თანამშრომლობას მათი თემის ღალატად აღიქვამდნენ.

ყოფილი პრეზიდენტის ბიოგრაფიაში გამორჩეულ მოვლენად ითვლება 1990 წლის 2 თებერვალს სამხრეთ აფრიკის პარლამენტში წარმოთქმული სიტყვა, როცა დე კლერკმა ანტი-აპართეიდის ლიდერის, ნელსონ მანდელას 27 წლიანი პატიმრობის დასრულება გამოაცხადა.

დე კლერკმა პოლიტიკური საქმიანობის ნება დართო აფრიკის ეროვნულ კონგრესს, რომელიც დღეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მმართველი პარტიაა.

1993 წელს დე კლერკს მანდელასთან ერთად მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა „ინსტიტუციურ რასიზმთან ბრძოლასა და დემოკრატიზაციაში“ შეტანილი წვლილისთვის.

 

მსგავსი სიახლეები