ესპანეთის პრემიერმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა 29 მაისს განაცხადა, რომ პარლამენტს დაითხოვს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს 23 ივლისს დანიშნავს.
"ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღე, რაც გუშინდელი არჩევნების შედეგები ვნახე", - ციტირებს სანჩესის სიტყვებს Reuters.
28 მაისს ესპანეთში ჩატარებული რეგიონალური და მუნიციპალური არჩევნების შედეგად, მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ ქვეყნის ავტონომიური ოლქების უმრავლესობაში გაიმარჯვა.
ესპანეთის სოციალისტურმა მუშათა პარტიამ 6.1 მილიონზე მეტი ხმა მიიღო (28.18%), ხოლო სახალხო პარტიამ კი - 6.9 მილიონი (31.47%).
"მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელი არჩევნები ადგილობრივი და რეგიონული მასშტაბით ჩატარდა, კენჭისყრის მნიშვნელობა ატარებს გზავნილს, რომელიც სცილდება ამას. ამიტომ, როგორც პრემიერ-მინისტრი და პარტიის ხელმძღვანელი, მე პირადად ვიღებ შედეგებს", - თქვა სანჩესმა.
სანჩესის მიზანია შემდეგი საარჩევნო კამპანია ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ის კრიტიკაზე ააგოს, რომელთან კოალიციის გარეშეც ესპანეთის სახალხო პარტია საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს.
ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო.