ფინეთი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 იანვარს გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს ვერცერთი კანდიდატი მიიღებს, 11 თებერვალს მეორე ტური ჩატარდება.

ფინეთის პრეზიდენტი 6 წლის ვადით აირჩევა და სხვა ევროპული ქვეყნების უმეტესობისგან  განსხვავებით, ის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში აღმასრულებელ ძალაუფლებას ფლობს. 

ფინეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი მთავრობასთან ერთად წყვეტს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებს. ასევე, ის ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, ასევე ხელს აწერს კანონპროექტებს და მოქმედებს, როგორც ერის მორალური ლიდერი.

28 იანვარს ფინეთის დაახლოებით 4.5 მილიონ მოქალაქეს არჩევანის გაკეთება პრეზიდენტობის 9 კანდიდატს შორის მოუწევს.

მოქმედი პრეზიდენტი, საული ნიინისტე კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს, რადგან ფინეთის კონსტიტუციით, პრეზიდენტის პოსტზე ზედიზედ ორ ვადაზე მეტჯერ არჩევა იკრძალება. 

უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრ სტუბი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო გამოირჩევიან.

ალექსანდრ სტუბი „ეროვნული კოალიციური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატია. ის 2004-2008 წლებში ევროპარლამენტის წევრის, 2008-2011 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის, 2011-2014 წლებში ევროპული საქმეებისა და ვაჭრობის მინისტრის, 2012-2015 წლებში პრემიერ-მინისტრის, 2014-2015 წლებში პრემიერ-მინისტრის და 2015-2016 წლებში ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

2017 წელს სტუბმა ფინეთის პოლიტიკა დატოვა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტი, მოგვიანებით კი ფლორენციის ევროპული უნივერსიტეტის ინსტიტუტის დირექტორი გახდა. ის პოლიტიკაში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დაბრუნდა.

პეკა ჰაავისტო პოლიტიკური პარტია „მწვანე ლიგის“ პრეზიდენტობის კანდიდატია. ის 1995-1999 წლებში გარემოს მინისტრის, 2013-2014 წლებში საერთაშორისო განვითარების მინისტრის და 2019-2023 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ვარაუდობენ, რომ პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს ვერცერთი კანდიდატი მოიპოვებს, შესაბამისად 11 თებერვალს მე-2 ტური დაინიშნება.

წინასაპრეზიდენტო დებატები ძირითადად ფინეთის, როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფოს როლს, ასევე, მეზობელ რუსეთის ფედერაციაში არსებულ ვითარებას და მის გავლენას ფინეთის უსაფრთხოებაზე დაეთმო.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსახვავებით, ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატები ყურადღებას ფინეთის გეოპოლიტიკური სტატუსის ცვლილებაზე ამახვილებენ. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებამდე, ეს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში დასავლეთთან და აღმოსავლეთთან დაბალანსებულ ურთიერთობებს ინარჩუნებდა, თუმცა 2022 წლის თებერვლის შემდეგ, გეოპოლიტიკური ვითარება იმდენად შეიცვალა, რომ ნეიტრალურმა ფინეთმა სამხედრო ალიანში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო.

2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ფინეთის პრეზიდენტს, როგორც არმიის უმაღლეს მეთაურსა და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ პირს, სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაეკისრა.

 

მსგავსი სიახლეები