გაერო: ბოლო 10 თვეში ავღანეთში 700 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ავღანეთში 700 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია 20 ივლისს გაეროს ვებგვერდმა გაავრცელა.
"მიუხედავად შეიარაღებული ძალადობის დონის მნიშვნელოვანი შემცირებისა, 2021 წლის აგვისტოს შუა რიცხვებიდან 2022 წლის ივნისის შუა რიცხვებამდე, გაეროს ავღანეთის მხარდაჭერის მისიამ (UNAMA) დააფიქსირა, რომ დაიღუპა 700 მშვიდობიანი მოქალაქე, 1406 კი დაშავდა. ამ მსხვერპლის უმეტესობა ხორასანის ისლამური სახელმწიფოს მიზანმიმართული თავდასხმების შედეგია", - ნათქვამია განცხადებაში.
ავღანეთში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა მარკუს პოტცელმა აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში სიტუაციის მონიტორინგი აჩვენებს, რომ "ავღანეთის მოსახლეობა, განსაკუთრებით ქალები, მოკლებული არიან საკუთარი უფლებების რეალიზების შესაძლებლობას".
"საანგარიშო პერიოდში გაეროს მისიამ თალიბების მიერ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და უსაფრთხოების ძალების წევრების მინიმუმ 160 მკვლელობა დააფიქსირა. UNAMA-ს ანგარიშის ავტორები შეშფოთებულნი არიან იმ დაუსჯელობით, რომლითაც დე ფაქტო ხელისუფლება ადამიანის უფლებებს არღვევს", - განმარტა გაერომ.