გაერო: თალიბანი პირობებს არღვევს

ორშაბათს გაერომ განაცხადა, რომ ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით თალიბანმა პირობები დაარღვია. 

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაშელემ ჟენევაში, ადამიანის უფლებების საბჭოზე თქვა, რომ ავღანეთი “ახალ და საშიშ ფაზაში” გადადის.

“დაპირებების მიუხედავად, ბოლო სამ კვირაში, ავღანეთში ქალების საჯარო სფეროდან გარიყვა ხდება,” - თქვა ბაშელემ. 

უმაღლესი კომისარის განცხადება თალიბანის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობის დასახელებას მოჰყვა, რომელშიც არცერთი ქალი არ არის. მან ამის შესახებ შეშფოთება გამოთქვა. 

ამასთანავე, ბაშელემ განაცხადა, რომ 12 წელზე უფროს გოგონებს სკოლებში აღარ უშვებენ და სახლში დარჩენას აიძულებენ. 

თალიბანის მიერ დანიშნულმა ახალმა განათლების მინისტრმა, აბდულ ბაქი ჰაქანიმ განაცხადა, რომ ავღანურ უნივერსიტეტებში ქალები მხოლოდ გენდერულად სეგრეგირებულ აუდიტორიებში დაიშვებიან. 

ჰაქანიმ ასევე განაცხადა, რომ ქალებს მოეთხოვებათ დაემორჩილონ ჩაცმულობის წესებს, რაც ჰიჯაბის ტარებასაც მოიცავს.

მსგავსი სიახლეები