გალეოტი: ამბოხის შემდეგ პუტინის რეჟიმის დამხობა უფრო სავარაუდო და იმანენტურია

ევგენი პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ, ვლადიმირ პუტინის რეჟიმი უფრო მოწყვლადია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, რის შედეგადაც მისი რეჟიმის დამხობის ალბათობა გაიზარდა. 

ასე აფასებს The Economist-ისთვის დაწერილ სვეტში ევგენი პრიგოჟინის შეიარაღებული ამბოხის შედეგებს მარკ გალეოტი ანალიტიკური ცენტრის RUSI-ს მკვლევარი და რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ექსპერტი. 

პრიგოჟინის მიერ შეიარაღებული ამბოხის ორგანიზებას გალეოტი კარმულ სამართლიანობას უწოდებს. მკველვარის თქმით, გარკვეულწილად ირონიულია, რომ ვლადიმირ პუტინის 23-წლიანი მმართველობას ყველაზე სერიოზული საფრთხე იმ ადამიანმა შეუქმნა, რომელიც თავისი სოციალური სტატუსით და მდგომარეობით პუტინისგანაა დავალებული. 

"ამან მკაფიოდ გამოაჩინა პუტინის ძალაუფლების სისტემის მზარდი სისუსტე, რის შემდეგაც ვლადიმირ პუტინი უფრო მოწყვლადია, ვიდრე ოდესმე",- წერს გალეოტი. 

რუსეთის მკვლევარი პუტინის მიერ აგებულ სისტემას შუასაკუენოებრივ ცარისტულ სასახლეს ადარებს, რომელიც ბიუროკრატიულ სახელმწიფოს ემყარება. გალეოტის თქმით, ამგვარ სისტემაში ინდივიდუალური პირების ძალაუფლება არა ოფიციალური თანამდებობებით, არამედ მონარქთან (ვლადიმირ პუტინთან) სიახლოვით განისაზღვრება. 

"ეს სასახლე უძველესი და გამოცდილი, დაყოფისა და მართვის ტაქტიკით იმართება",- აღნიშნავს გალეოტი. 

ექსპერტის თქმით, ასეთ მოცუმულობაში სპეციალურად იქმნება ერთმანეთთან დაპირისპირებული კლანები და სახელმწიფო უწყებები, რომელთაც მსგავსი ფუნქციები და უფლებამოსილება აქვთ - "როგორც იმპერატორი, რომელიც გლადიატორების ბრძოლებს უმზერდნენ პუტინი გვერდზე დგას, ის არის არბიტრი, რომელიც ყველას ბედს წყვეტს."

გალეოტის თქმით, ეს ტაქტიკა ამართლებდა მშვიდობიან პერიოდში, თუმცა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ამან სისტემაში სერიოზული პრობლემები წარმოქმნა. 

"ვაგნერი მხოლოდ ერთ-ერთია კერძო არმიებს შორის, რომელზეც თავდაცვის სამინისტრომ კონტროლი ვერ დაამყარა. თითოეულ ასეთ არმიას თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს",- წერს გალეოტი. 

მკვლევარი აღწერს თუ როგორ იძაბებოდა ეტაპობრივად ურთიერთობები ერთის მხრივ პრიგოჟინსა და მეორე მხრივ შოიგუ/გერასიმოვს შორის. 

"პუტინის მიერ აგებულ სისტემაში საკითხების დროული გადაწყვეტა სწორედ მონარქის საქმეა, მაგრამ ელიტაში მზარდი წუხილების მიუხედავად, პუტინმა ვერ შეძლო ვითარების პროგნოზირება და პრობლემის დროული გადაჭრა. მან არ გაითვალისწინა პრიგოჟინის მოწოდებები და არც ვაგნერს ჩამოაშორა."

გალეოტის თქმით, შეიარაღებული ამბოხისკენ პრიგოჟინის სწორედ პუტინის გადაწყვეტილებებმა უბიძგეს. ბოლო კვირებში ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ყველა მოხალისეობრივ დანაყოფს უნდა გაეფორმებინა კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან, მათ შორის ვაგნერსაც. ამ ვითარებაში პრიგოჟინი ავტონომიისა და თავისი მთავარი რესურსის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა, რამაც მას ამბოხისკენ უბიძგა. 

გალეოტი წერს, რომ პრიგოჟინს არ სურდა ვლადიმირ პუტინის დამხობა, სინამდვილეში მას სურდა ძალის დემონსტრირებით შოიგუსთან დაპირისპირებაში პუტინი თავისკენ მიემხრო. 

"პრიგოჟინის მცდელობა ჩავარდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვლადიმირ პუტინის რეჟიმის დამხობა უფრო სავარაუდოა და იმანენტურია",- წერს გალეოტი. 

მკვლევარის თქმით, ვლადიმირ პუტინი ხშირად ცდილობს გაექცეს რთულ გადაწყვეტილებებს - "როდესაც მას არ აქვს მარტივი არჩევანი, ის ხშირად პროკრასტინაციას მიმართავს და გადაწყვეტილებას დაგვიანებით იღებს. უკრაინაში შეჭრის დღიდან წარმოქმნილი დილემებმა რამდენიმეჯერ გამოიწვია პუტინის პრაქტიკული პარალიზება",- წერს გალეოტი. 

ექსპერტის თქმით, პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ ვლადიმირ პუტინი უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. "პუტინის მმართველობა დიდწილად 3 ბოძს ეყრდნობოდა: მისი პერსონალური ავტორიტეტი და ლეგიტიმურობა, რუსეთის მოცულობითი ფინანსური რეზერვები და მისი პერსონალური კონტროლი სპეცსამსახურებზე. დღეს მისი ლეგიტიმურობა სამივე საკითხთან მიმართებით მნიშვნელოვნად დაზიანდა",- წერს გალეოტი. 

გალეოტის თქმით, პუტინით უკმაყოფილება თვალსაჩინოა როგორც მოსახლეობაში, ასევე ელიტაში. დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები კი მნიშვნელოვნად ზღუდავს პუტინის შესაძლებლობას იყიდოს ლოიალობა. 

"და ბოლოს სპეცსამსახურები, ნათელი გახდა, რომ პუტინს არ შეუძლია მათ დაეყრდნოს. სპეცსამსახურებმა ვერ შეძლეს ამბოხის პროგნოზირება, ხოლო მისი დაწყების შემდეგ დიდწილად განზე გადგნენ. მათ არ დაუჭირეს მხარი ვაგნერს, თუმცა არ მათ წინააღმდეგ გამოვიდნენ. სპეცსამსახურებში ბევრი იღლება უმაღლესი მთავარსარდლით, რომელიც მზად არის სასიკვდილოდ გაგზავნოს ათასობით მოქალაქე, გასაგები და მკაფიო სტრატეგიის გარეშე",- წერს გალეოტი. 

ექსპერტის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ პუტინი ძალაუფლებას უახლოეს პერიოდში დაკარგავს, მაგრამ ეს კრიზისი ამცირებს მის შესაძლებლობებს გაუმკლავდეს შემდეგს.

"შექმნა რა ოპორტინისტული პოლიტიკური ელიტა, რომლებიც მხარს უჭერდნენ მას არა გულწრფელად, არამედ თვითინტერესის გამო, პუტინს ამიერიდან უნდა ეშინოდეს იმ დღის, როდესაც მისი ელიტის საკმარისი წევრი გადაწყვეტს, რომ პუტინის წინააღმდეგ გამოსვლის რისკი უფრო ნაკლებია, ვიდრე მისი ძალაუფლებაში დატოვების."

მსგავსი სიახლეები