გერმანელები რუსეთს მსოფლიო მშვიდობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევენ
გერმანიის მოქალაქეების 82% რუსეთს მომავალ წლებში პლანეტაზე მშვიდობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევს, 60% - ჩინეთს და 52% - ჩრდილოეთ კორეას.
შესაბამის კვლევას ალენსბახის სოციოლოგიის ინსტიტუტი და ბერლინის სტრატეგიისა და ლიდერობის ცენტრი 7 თებერვალს აქვეყნებს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა გერმანიის 16 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებში ჩატარდა. მათ სთხოვეს 14 სახელმწიფოს სიიდან, ერთი ან მეტი ქვეყანა აერჩიათ, რომლებიც ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნიან მშვიდობას.
გერმანიის მოსახლეობას ამჟამად ყველაზე მეტად (80%-ს) ინფლაცია და უკრაინაში ომი აწუხებს. გამოკითხულთა დაახლოებით 57%-ს მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული უთანასწორობა და ევროპაში ლტოლვილთა შესაძლო ახალი ტალღა აშფოთებს.
კვლევის მონაწილეთა ნახევარზე ოდნავ მეტმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია კლიმატის ცვლილებებით, ასევე ენერგომომარაგების სფეროში არსებული პრობლემებით.
გამოკითხვის შედეგებში, ქვეყნის გაერთიანებიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგაც ჩანს განსხვავება აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის მცხოვრებლებს შორის.
ქვეყნის დასავლეთში, ყოველი მეორე რესპონდენტი (50%) შეერთებულ შტატებს სანდო მოკავშირედ მიიჩნევს, ხოლო აღმოსავლეთში - მხოლოდ 26%.
იმავდროულად, რუსეთს სერიოზულ საფრთხედ ქვეყნის დასავლეთში 84% მიიჩნევს და აღმოსავლეთში - 73%.
ორი წლის წინ მსგავსი კვლევის შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ამჟამინდელისგან. 2021 წელს გამოკითხულთა 32%-მა მსოფლიო წესრიგისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთი დაასახელა, 46%-მა - ჩინეთი და 58%-მა კი - ჩრდილოეთ კორეა.